ბაგრატი

ბაგრატის პროექტმა თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში გაიმარჯვა

ბაგრატის ტაძრის პროექტმა და მისმა რესტავრატორმა ანდრეა ბრუნომ  დომუსის რესტავრაციისა და კონსერვაციის (Domus restauro e conservazione) მესამე საერთაშორისო კონკურსში თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში გაიმარჯვა. 
ამავე ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა ვენეციაში მდებარე Punta della Dogana–ს რესტავრაციის პროექტმაც. დაჯილდოების ცერემონია 2013 წლის 20 მარტს, ქალაქ ფერარაში გაიმართება. 
ჟიურის შემაჯამებელ შეფასებაში ნათქვამია, რომ ბაგრატის ტაძრის ანდრეა ბრუნოსეული სარეინტეგრაციო პროექტი ახდენს "ახლისა და ძველის" შერწყმას ისე, რომ შესაძლებელია ტაძრის პირვანდელი სახის უნიკალური აღქმა. 
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩარიცხა. მიზეზად 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასახელდა, რომელიც, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის თქმით, შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევდა. 2012 წელს UNESCO-ს 36-ე სესიაზე ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვეს,  მისი სამომავლო სტატუსის გადაწყვეტა კი 2013 წლის სხდომისთვის გადაიტანეს. 

კომენტარები