სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა

სააკაშვილი: გადაწყვეტილება მივიღოთ არა ულტიმატუმებით, არამედ კონსენსუსით

დღეს, 4 მარტს, კანცელარიაში პრემიერმინისტრთან საუბრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განხილულ ძირითად თემებზე ისაუბრა.  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის ყოველთვის საინტერესოა ივანიშვილთან საუბარი, მიუხედავად  მათ შორის არის ფუნდამენტური სხვაობისა.  

"ყოველთვის სასიამოვნოა, იყოს შესაძლებლობა, რომ რამდენადაც არ უნდა გართულდეს ასეთი რაღაცეების ერთმანეთისთვის თქმა, სწორია, რომ ჩვენ ეს საუბრები გვქონდეს გახსნილად და არა facebook-ის და ტელეკამერების საშუალებით. მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, როგორ ვხედავ თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოში. რომ გითხრათ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამ თანამდებობაზე თავს დღევანდელ ვითარებაში, ეს იქნებოდა სიცრუე და ამას ნამდვილად არ გაკადრებთ.მე როგორც პრეზიდენტი ვარ საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში. ბოლო წლებში შეჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, ახალი ობიექტების გახსნას, სკოლების მშენებლობას, ხალხმრავალ შეხვედრებს. ახლა ჩემი დღეები ამ გრაფიკისგან თითქმის მთლიანად დაცლილია, ამიტომ ჩემთვის ასეთი უმოქმედობა რეალურად არის მძიმე ტვირთი. ამიტომ, ის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვრჩები პრეზიდენტის თანამდებობაზე, ეს არის ის, რომ დემოკრატიული სივრცე შევინარჩუნოთ ქვეყანაში და შევქმნათ რაღაც შესაძლებლობა მაინც  საკონსტიტუციო სტაბილურობის. მთავრობას უნდა ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ეს მთავრობა დააზღვიოს თუნდაც იმ შეცდომებისგან, რაც შესაძლოა წინა მთავრობამ დაუშვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს ეს არის მისი ფუნქციაც და მოვალეობაც. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის მიერ მთავრობისა და პარლამენტის შესაძლო დათხოვნაზე საუბარი სპეკულაციაა და ის ამას არ გეგმავს. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დარღვევების მიუხედავად, ის არცერთი მინისტრის გათავისუფლებას არ აპირებს.

"მე ვარ მათ მხარეს, მიუხედავად იმისა, მომწონს ეს მინისტრი თუ არა, ან ვეთანხმები პრემიერმინისტრს თუ – არა. მთავრობას შეუძლია წყნარად იყოს. არავინ არავის არ ითხოვს. არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება აქ ბევრი დარღვევაა და ბევრი გაუგებრობა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ ახლა კარგი რამის გაკეთება უნდოდათ და ხელი შეუშალეს. ნეტავი კარგი გააკეთონ. მხოლოდ მივესალმები, ორი ხელით ვარ ამის მომხრე. ეს მთავრობა აირჩია ქართველმა ხალხმა. ჯერ კიდევ მოკლე პერიოდია იმისთვის, რომ მისი სრულფასოვანი და ადეკვატური შეფასება მოხდეს ან ჩემ მიერ ან ხალხის მიერ, რომელმაც აირჩია. ამგვარად, ლაპარაკი, რომ ასეთი განზრახვა შეიძლება დაიბადოს, უნდა გამოირიცხოს", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ პრემიერი მისგან მომავალი საფრთხის არარსებობაში დარწმუნდა. 

სააკაშვილმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ და აღნიშნა, რომ მისთვის დიალოგის თემა ქვეყანაში თავისუფალი სასამართლოსა და მედიის შენარჩუნებაა, რადგან განსხვავებული აზრის არსებობა აუცილებელია. 

"ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სასამართლო, ერთი მხრივ, მთავრობა უნდა მუშაობდეს და ჰქონდეს სრული თავისუფლება და ამაში ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას ვერ ვიჭერთ და ამიტომ ვერ ვმუშაობთ, ამას მგონი სერიოზულად ვერავინ ვერ იღებს. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც ეფექტურია და ვერავინ ვერ უშლის ხელს. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, რომ ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი, დიქტატისგან თავისუფალი სასამართლო. ეს სასამართლო ბუნებრივად ვერ იქნება ჩემი დიქტატის ქვეშ, იმიტომ რომ მე ამის ბერკეტი აღარ მაქვს. ის არ უნდა იყოს არც პროკურატურის დიქტატის ქვეშ, არც რომელიმე სამთავრობო უწყების დიქტატის ქვეშ. საქართველოს გრძელვადიანი მომავლისთვის აუცილებელია, რომ სასამართლოს ჰქონდეს განცდა, რომ ის არის ხელშეუხებელი. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოში არ არის კორუფცია, ახლა არის შანსი, რომ სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდეს სრულფასოვან ინსტიტუტად", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა თავისუფალი პრესის აუცილებლობაზეც ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია. 

"უნდა შეწყდეს ყოველგვარი ზეწოლა თავისუფალ პრესაზე, იცით, რომ მიმდინარეობს ხელების ფათური და გეგმაზომიერი კამპანია პირველი არხის, სხვა მედიასაშუალებების წინააღმდეგ. იქნება მედიის ორი პოლუსი და ეს ასეც უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ მოისმინოს ალტერნატიული აზრი", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისის გამწვავება არ შეიძლება, რადგან ეს ეკონომიკურ კრიზისსა და ხალხის გაღარიბებას გამოიწვევს. 

"მგონი შეუჯერებელი პოზიციები არ არის, იმედი მაქვს ამ დაბრკოლებებს გადავლახავთ. ბევრად უფრო ფართოა ეს საკითხი, ვიდრე ღილაკზე თითის დაჭერა პარლამენტში. მე მინდა გადაწყვეტილება მივიღოთ არა ულტიმატუმებით, არამედ კონსენსუსით", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები