რეინტეგრაცია

ზაქარეიშვილი: გვინდა, საზოგადოებამ დაინახოს სააკაშვილის რეჟიმის სხვა “საქმენი საგმირონი”

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, ”რეზონანსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, შესაძლოა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

”უამრავი სისხლის სამართლის საკითხია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა. რამდენი ადამიანი გაქრა, რა ფორმით და ა.შ. მივმართე კიდეც პროკურატურას და ველოდები როდის დაიწყებენ გამოძიებას. გვინდა, საზოგადოებამ დაინახოს სააკაშვილის რეჟიმის სხვა “საქმენი საგმირონი”, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია იღებდნენ თუ არა მონაწილეობას თანამდებობის პირები დანაშაულებრივ ქმედებებში.

”არ ვიცი ვინ არის საქმეში გარეული და რა ფორმით, ამას პროკურატურა გაარკვევს. შეიძლება, ეს ფაქტები ჩვენი ბრალი არც იყოს, მაგრამ ვიცი, რომ აფხაზებს და ოსებს აქვთ უამრავი ფაქტი, თუ რამ განაპირობა ესა თუ ის სისხლის სამართლის დანაშაული. შეიძლება ისინი იტყუებიან, მე არ ვიცი, მაგრამ არსებობს ეს ფაქტები და ველოდები მათ გამოძიებას. ამით, ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზებს და ოსებს, ვაჩვენებთ, რომ მათი საქმეებიც არ გვავიწყდება. კარგად არის გამოძიებული, თუ რამ განაპირობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესია, რაც შესწავლილი იქნა, 2008 წლის დეკემბერში, საპარლამენტო კომისიის მიერ პაატა დავითაიას ხელმძღვანელობით. ვფიქრობ, დადგა დრო, გავარკვიოთ, რა დოზით იყო”, - აცხადებს მინისტრი.

 

კომენტარები