რელიგია

ახალი პაპი გლოვის გარეშე

„ძვირფასო ძმებო, მე თქვენ შეგკრიბეთ ამ კონსისტორიაზე არა მხოლოდ სამი კანონიზაციის საკითხის განსახილველად, არამედ ჩემი გადაწყვეტილების სათქმელად...” – ასე დაიწყო საკუთარი განცხადება პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ, ვატიკანის ერთ რიგით, რუტინულ კრებაზე. ამ მოკლე, ლათინურად წარმოთქმული სიტყვის დასასრულს კი ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში ახალი ჩანაწერი გაჩნდა.

გადადგომის შესახებ რომის პაპის განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. მეხი ვატიკანის თავზე პირდაპირი მნიშვნელობითაც გავარდა და წმინდა პეტრეს კათედრალის გუმბათს დაეცა. ამ ბუნებრივ მოვლენას, რომლის ამსახველმა ფოტომ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, სხვადასხვა მისტიკური შეფასებები მოჰყვა, მაგრამ მაინც ვერ გადაფარა თავად პაპის განცხადება. ბენედიქტემ შოკში ჩააგდო არა მხოლოდ ისინი, ვინც მისი გადადგომის შესახებ მედიიდან შეიტყო, არამედ კარდინალებიც, რომლებმაც პირველებმა მოისმინეს შემდეგი სიტყვები:

„მე მრავალგზის მივმართე სინდისის ხმით უზენაესს და მივედი დასკვნამდე – ხნიერების გამო, ჩემი ძალები არასაკმარისია წმინდა პეტრეს საყდარზე მსახურებისთვის... ამ მიზეზით, ვაცნობიერებ რა ჩემი ქმედების სერიოზულობას, სრულიად თავისუფალი ვაცხადებ, რომ უარს ვამბობ რომის ეპისკოპოსის, წმინდა პეტრეს მემკვიდრის მსახურებაზე, რომელიც კარდინალებმა მომანდეს 2005 წლის 19 აპრილს, იმგვარად, რომ 2013 წლის 28 თებერვალს, 20 საათზე, წმინდა პეტრეს რომის საყდარი, იქნება თავისუფალი”.

როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, პაპის გადადგომის შესახებ ინფორმირებული არ იყო არავინ, ვინც კონსისტორიას ესწრებოდა. ამის შესახებ არაფერი იცოდა არც ვატიკანის პრესმდივანმა, რომელმაც ჟურნალისტებთან პირველი განცხადების გაკეთებისას ვერ დამალა, რომ ბენედიქტემ მთელი გრაფიკი თავდაყირა დააყენა.

600 წლის მანძილზე პირველად, კათოლიკე ეკლესიის უზენაესმა პონტიფექსმა ნებაყოფილობით დატოვა საკუთარი საყდარი. ისტორიაში მოიპოვება იშვიათი, მაგრამ მაინც რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაპი საკუთარ ტახტს ეკლესიის საკეთილდღეოდ თმობს.

პირველ ასეთ შემთხვევას ქრისტიანული ეკლესიის საწყისებთან მივყავართ. პეტრეს ტახტზე მეოთხე პაპი, წმინდა კლიმენტი რომაელი, რომელიც პირველ საუკუნეში დააპატიმრეს და გადაასახლეს, ტახტიდან მისი მემკვიდრის, ევარისტუსის სასარგებლოდ გადადგა. კლიმენტიმ დათმო ტახტი იმისთვის, რომ სამწყსო ლიდერის გარეშე არ დაეტოვებინა.

მესამე საუკუნეში პაპმა პონტიანუსმა, როცა სარდინიაში გადაასახლეს, გადადგომის შესახებ განაცხადა მემკვიდრის, პაპ ანტერინუსის სასარგებლოდ. არსებობს კიდევ რამდენიმე ბუნდოვანი შემთხვევა, პაპ სილვერინუსსა და პაპ მარტინუსთან დაკავშირებით, რომელიც ბევრ შეკითხვას ტოვებს და არ არის ცხადი, გადადგა პაპი თუ ჩამოაგდეს.

ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა ეხება პაპ ბენედიქტე მეცხრეს, რომელიც პირველად ჩამოაგდეს პაპ სილვესტრ მესამის სასარგებლოდ. მაგრამ ის მას შემდეგ დაბრუნდა, რაც გრეგორი მეექვსე ამხილეს სიმონიაში, ამ უკანასკნელმა კი ბრალეულობა ცნო.

რომაელი პაპების ისტორიაში, ყველაზე ცნობილი ცელესტინუს მეხუთის გადადგომაა. იტალიელმა პოეტმა დანტე ალიგიერიმ, თავის

„ღვთაებრივ კომედიაში” პაპი ცელესტინუსი ასე მოიხსენია – „ის, ვინც სიმხდალის გამო თქვა დიდი უარი”. სინამდვილეში პაპი ცელესტინუსი, რომელიც „სულიწმიდის ძმებში” განდეგილი მონოზონი იყო, 80 წლისა განსაკუთრებული სულიერი ცხოვრების გამო მოულოდნელად აირჩიეს პაპად და რამდენიმე თვეში გადადგა, საკუთარი ცხოვრების კვლავ სამონაზვნო წესში დასაბრუნებლად. კათოლიკე ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. 

სულ ბოლოს, ვიდრე პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტემდე, 1415 წელს, გადადგა პაპი გრეგორი XII. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბოლო მოუღო დასავლურ დიდ სქიზმას, ავინიონისა და რომის პაპებს შორის. ორი წლის შემდეგ აირჩიეს პაპი მარტინუსი, მაგრამ ამ დროისთვის გრეგორი ცოცხალი აღარ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემთხვევები კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში მოიძებნება, ბენედიქტეს გადაწყვეტილებას მაინც მოჰყვა კათოლიკური ობივატელის წარმოდგენათა კრიზისი. საუკუნეების მანძილზე კათოლიკეები მიეჩვივნენ პროცედურას, რომელიც ვატიკანში ძალაუფლებას ცვლის. ახალი პაპის არჩევა იქამდე, სანამ წინას ნეკროლოგი არ დაწერილა, თავად საპაპო ინსტიტუტის მონოლითურობის შესახებ შექმნილ წარმოდგენებსაც უყენებს წყალს.

პაპი, რომელიც პირამიდის წვერზე დგას, სინამდვილეში ყველაზე ქვემოთ და ყველას მსახურად გვევლინება. ამ წარმოდგენაში ეკლესია ამობრუნებული პირამიდაა, სადაც პირველობა სწორედ მას ეკუთვნის, ვინც უკანასკნელია. ბენედიქტეს გადაწყვეტილებამ ეკლესიის

კარდინალი შიონბორნი
პრიმატი, პაპის პრიმატზე მაღლა დააყენა. ამ აქტმა დაადასტურა, რომ საპაპო მსახურება, ეს არის მსახურება ეკლესიისთვის და არა ეკლესიის მსახურება პაპისთვის.

ტირანის ხატი, რომელშიც პაპი ძალაუფლების ერთპიროვნულ უზურპატორად გვევლინება, ბენედიქტემ ერთი გადაწყვეტილებით მოსპო – ნათელი გახადა, რომ ვერ იქნები „ქრისტეს მოსაყდრე”, თუ არ იქნები „მსახურთა მსახური”. აღსანიშნავია, რომ ეს ორი წოდება პაპის ტიტულის განუყოფელი ნაწილია. პაპი წავიდა იმიტომ, რომ თავისი პიროვნება „უუნაროდ მიიჩნია” თანამედროვე სამყაროში ეკლესიის ეფექტური მართვისთვის, ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კათოლიკური ადმინისტრაციის შესახებ არა მხოლოდ კათოლიკეთა, არამედ არაკათოლიკეთა წარმოდგენებსაც.

ბენედიქტე მეთექვსმეტე პეტრეს საყდარს 28 თებერვალს დააცარიელებს, რომის დროით საღამოს 8 საათზე. ამის შემდეგ, მას დარჩება ეპისკოპოსის ხარისხი და ნაცვლად წოდებისა „რომის პაპი”, მოიხსენიება, როგორც „პაპი ემირიტუსი”. პაპი მონაწილეობას არ მიიღებს კარდინალთა კონკლავში, რომელმაც შემდეგი პაპი უნდა აირჩიოს. პერიოდს, როდესაც პაპი გარდაცვლილი ან გადამდგარია, კათოლიკე ეკლესიაში ე.წ Sede Vacante – ვაკანტური ტახტის დრო ეწოდება.

კათოლიკური კანონიკური კოდექსის თანახმად, პაპის გარდაცვალებიდან ან გადადგომიდან 15-20 დღეში კარდინალები მთელი მსოფლიოდან უნდა შეიკრიბონ სიქსტეს კაპელაში, ახალი პაპის ასარჩევად. 117 კარდინალი, რომელთაგან ნახევარზე მეტი ბენედიქტე მეთექვსმეტეს უმადლის წითელ მანტიას, ხოლო დანარჩენი მის წინამორბედს, ნეტარ იოანე პავლე მეორეს, გარკვეული დროით, რომელიც შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, ახალი პაპის გამორჩევამდე გამოიკეტება ისტორიულ კაპელაში. თუმცა ნავარაუდებია, რომ კათოლიკე ეკლესიას აღდგომას ახალი პაპი უკვე ეყოლება.

პაპი აუცილებლად გარე სამყაროსთან იზოლაციაში უნდა აირჩიონ. ასეთია წესი, რომელიც ათასწლეულების პოლიტიკური გამოცდილების ინსტიტუტმა, მეცამეტე საუკუნიდან დღემდე შემოინახა. ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მინიმიზაციისთვის დაწესდა. წმინდა საყდარს თითქმის ისტორიული ზიზღი აქვს საერო ხელისუფლების მხრიდან მის შიდა საქმეებში ჩარევის მიმართ.

კარდინალი სანდრი
რომის არაერთი პაპი შეეწირა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. დაპირისპირება იმპერატორსა და პაპს შორის, ევროპული პლურალიზმის დაბადების სათავედაც იქცა.

აღსანიშნავია, რომ პაპი შეიძლება გახდეს ნებისმიერი კათოლიკე საერო თუ სასულიერო პირი, რომელიც კარდინალთა კონკლავის ხმათა 2/3-სა და პლუს ერთ ხმას მიიღებს. თუმცა ასეთი შემთხვევა კათოლიკე ეკლესიაში უიშვიათესია. საუკუნეებია, პაპი ხდება ერთ-ერთი კარდინალი, რომელიც თავად არის კონკლავის მონაწილე. შენობა შეიძლება გაიღოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაპს აირჩევენ და ნიშნად ამისა, სიქსტეს კაპელაზე მდგარი საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვა (წინააღმდეგ შემთხვევაში, კვამლი შავია). კვამლი წარმოიქმნება ბიულეტენების დაწვით, რომელსაც უმატებენ სპეციალურ შემფერადებელ ნივთიერებას. ამგვარი წესი ჯერ კიდევ ლიონის მეორე კრებაზე, 1274 წელს დამტკიცდა.

არჩეული პაპის ვინაობა ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კარდინალი-პროტოდიაკონი ვატიკანის წმინდა პეტრეს აივნიდან წარმოთქვამს ცნობილ სიტყვას „Habemus Papam” – ანუ „ჩვენ გვყავს მამა”. მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე ახლადარჩეული პაპი გამოვა აივანზე, დალოცავს სამწყსოს და წარმოთქვამს პირველ სიტყვას, როგორც წმინდა პეტრეს 265-ე მემკვიდრე.

პაპის გადადგომის შემდეგ არ წყდება საუბრები ახალი საპაპო კანდიდატების, ე.წ. პაპაბილების შესახებ. მაგრამ წლევანდელი კონკლავი კიდევ უფრო ნაკლებპროგნოზირებადი იქნება, ვიდრე ეს 2005 წელს, ბენედიქტე მეთექვსმეტის არჩევის დროს იყო. იოანე პავლეს

კარდინალი სკოლა
გარდაცვალების შემდეგ, იოზეფ რაცინგერი ცალსახა და გამორჩეული ლიდერი გახლდათ. გერმანელი „კარდინალი ტანკი” მისი წინამორბედის, საყოველთაო პოპულარობის მქონე პოლონელი პაპის მარჯვენა ხელი იყო. ის ხელმძღვანელობდა ვატიკანის სარწმუნოების კონგრეგაციას, რომლის უწინდელი სახელწოდებაც, არც მეტი, არც ნაკლები, წმინდა ინკვიზიცია გახლავთ. არჩევის პერიოდში ბენედიქტე 78 წლის იყო, რის გამოც ვატიკანისტები მას პაპის ტახტს არ უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ისინი შეცდნენ. პრესის მიერ დაანონსებულმა რამდენიმე სხვა პაპაბილმა კონკლავზე კრახი განიცადა და კიდევ უფრო არასანდოდ აქცია ნებისმიერი წინასწარმეტყველება თუ ფსონი, რომელიც მომავალ პონტიფექსზე წინასწარ კეთდება.

მით უმეტეს, დღეს კათოლიკე ეკლესიას ისეთი გამორჩეული კარდინალი, რომელსაც მილიარდზე მეტი წევრისგან შემდგარ რელიგიურ ინსტიტუტში ყველა იცნობს – და ბევრი პატივს სცემს – არ ჰყავს. სახელდება განელი შავკანიანი კარდინალი ტურკსონი, მილანელი კარდინალი სკოლა, კარდინალი სანდრი და ვენის კარდინალი შიონბორნი. მაგრამ არცერთი არაა ისეთი გამორჩეული ფიგურა, როგორიც რვა წლის წინ იოზეფ რაცინგერი იყო. რაც შეეხება იოანე პავლე მეორის არჩევნებს, ეს თითქმის ისეთივე მოულოდნელობა გახლდათ, როგორც ბენედიქტეს გადადგომა. ახალგაზრდა პოლონელი კარდინალი, უცბად ავიდა საეკლესიო პირამიდის მწვერვალზე და სამი ათეული წელი მართა ეკლესია.

კარდინალი ტურკსონი
საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა აირჩიონ პაპი, რომელიც იოანე პავლე მეორისა და ბენედიქტესგან რადიკალურად განსხვავებულ კურსს გაატარებს, თეორიულადაც გადაჭარბებულია. კარდინალების სრული წარმომადგენლობა სწორედ ამ ორი პაპის დანიშნულია და გადაწყვეტილება თითოეულის შესახებ, ვატიკანის იდეოლოგიური მანქანის ყველა ინსტანციის მიერ საგანგებო შემოწმების შედეგად არის მიღებული.

პრესას აინტერესებს, იქნება თუ არა შემდეგი პაპი აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან და აზიიდან. ამ ინტერესს საფუძველი ქრისტიანული გეოგრაფიის ცვლილებაში აქვს. ევროპულ სივრცეში (განსხვავებით აშშ-სგან), ქრისტიანობა კრიზისს განიცდის. ეკლესია უფრო სამხრეთ ნახევარსფეროს ინსტიტუტი ხდება, ვიდრე ჩრდილოეთის. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა – ხომ არ მოვიდა დრო, ეს რეალობა პაპის არჩევანზეც აისახოს? მაგრამ ამ ლეგიტიმურ კითხვას არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი კარდინალთა საარჩევნო მოტივაციაში.

პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე, მთელი თავისი პონტიფიკატის მანძილზე, ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისთვის იბრძოდა. ის ღიად საუბრობდა რელატივიზმისა და აგრესიული სეკულარიზმის ტირანიაზე, იბრძოდა აღმსარებლობის თავისუფლებისა და დასავლური ფასეულობების ეროზიის წინააღმდეგ. თავად მის მიერ არჩეული საპაპო სახელი, ბენედიქტეც, რომელიც ევროპის მფარველი წმინდანის, ბენედიქტე ნურსიელისგან აიღო, ამაზე მიუთითებდა. კათოლიკე ეკლესია არასდროს პასუხობდა პრესის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, მას სჭირდება უნივერსალური პაპი, პაპი ყველა კონტინენტისთვის. პაპი, რომელიც მემკვიდრეობად მიიღებს სექსუალურ სკანდალსა და ევროპაში დაცლილ ეკლესიებს.

ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც სავარაუდოდ კარდინალები იხელმძღვანელებენ, თავად პაპმა ბენედიქტემ დასახა. ის იმის გამოც გადადგა, რომ თანამედროვე სამყაროში კათოლიკე ეკლესიის მეთაურს მართებს გაუძლოს აჩქარებულ დროის ტემპსა და ცვლილებებს, ეყოს ენერგიულობა და გამოცდილება, სწრაფად უპასუხოს ამ გამოწვევებს. შესაბამისად, აზრს მოკლებული არ არის, რომ მიქალანჯელოს მიერ მოხატულ ბაზილიკაში შეკრებილი მამა-კარდინალები, სწორედ ამ მიმართულებით იფიქრებენ ახალ უზენაეს პონტიფექსზე. ვის შესწევს ენერგია და ძალა, მართოს პეტრეს ნავი თანამედროვე რიტმში?

 

 

კომენტარები