თავდაცვის სამინისტრო

ირაკლი ალასანია NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, დღეს გამართულ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალზე ISAF-ის დასრულების შემდეგ, გლობალური უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს როლზე იმსჯელებენ. 

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან, ასევე ალიანსის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალ, გენერალ ჯოზეფ დანფორდთან. 

"NATO-სგან და ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმენთ, რა გეგმები აქვთ. ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს მომზადებული, რა როლს შეასრულებს საქართველო პოსტ-ISAF-ის პერიოდში. მალე ამ საკითხებს მეტად მოეფინება ნათელი. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, გადაწყვეტილება მიღებულია, თარიღიც, პრაქტიკულად, შერჩეულია. ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს საქართველოს, რომ უახლოეს პერიოდში მრავალმხრივ ფორმატებში NATO-ს ქვეყნებთან მეტი ინტეგრაცია მოხდეს", - აცხადებს ირაკლი ალასანია. 

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით, მეორე დღეა, ბრიუსელში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის. 

კომენტარები