რობაქიძის საქმე

რობაქიძის საქმე - 2004 წლიდან დღემდე

წელს სამართლდამცავების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმე გასული წლების განმავლობაში საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ამასთან, ეს თემა გამუდმებით ფიგურირებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. უკანასკნელ ხანებში, შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, ხელახალი გამოძიების დაწყებასთან ერთად, რობაქიძის საქმე კვლავ დღის წესრიგში დადგა. 19 თებერვალს გამოქვეყნებულმა მომხდარის ამსახველმა ვიდეოკადრებმა კი ახალი კითხვები გააჩინა.

შემთხვევა 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება - კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე - სამართალდამცავებმა დააკავეს.

მომხდარიდან მეორე დღეს, შსს-ს პრესამსახურის მიერ მომზადებულმა გადაცემა „პატრულმა“ საზოგადოებას ამცნო, რომ რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. ვიდეომასალაში ნაჩვენები იყო შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გაამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ავტომობილში მსხდომებმა სამართლდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს - რობაქიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, პატრულმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი თავდაცვის მიზნით საპასუხოდ გაისროლა. რობაქიძე ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულების მიმართ საქმე აღიძრა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მოგვიანებით, ორ მათგანს ბრალდება მოეხსნა.

მაშინდელი სახალხო დამცველის (სოზარ სუბარის) ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოძიების ამ ვერსიას ადასტურებდა პოლიციელების (ბაშალეიშვილის, აბუაშვილის, ჭანტურიას და ლობჟანიძის) ჩვენებები.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნებმა ამ ჩვენებების სისწორე ეჭვქვეშ დააყენა, გამოძიებამ მიმართულება შეიცვალა. შედეგად, 2006 წელს გრიგოლ ბაშალეიშვილს სასამართლომ რობაქიძეს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თავის მხრივ, გარდაცვლილის ნათესავები და ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლომ ხელი დააფარა შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომელთაც მტკიცებულებები გააყალბეს. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არსებული ერთი ავტომატური იარაღი და ერთი ხელყუმბარა ისე დარჩა, რომ მათ უკანონო შეძენა-ტარებაში არავის ედებოდა ბრალი.

კითხვები მალევე გაჩნდა მომხდარის ამსახველ ვიდეოსიუჟეტთან დაკავშირებით. 2006 წელს თბილისის პროკურატურამ შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უკვე 2013 წლის პროკურატურა აცხადებს, რომ ეს საქმეები თაროზე აღმოჩნდა და 6 წლის მანძილზე ამ მიმართულებით არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა.

გამოძიება 2012 წლის 12 ნოემბერს განახლდა. 30 ნოემბერს, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მანქანაში მყოფი ახალგაზრდებისთვის თავის დროზე წაყენებული ბრალდება ყალბია. მალევე პროკურატურამ მათ ბრალი მოუხსნა.

ამჯერად გამოძიებამ, რომელიც დანაშაულს გახსნილად აცხადებს, დაადგინა, რომ მისი წინამორბედი მიკერძოებული იყო და მიზნად საპატრულო პოლიციის იმიჯის გადარჩენას ისახავდა. ბოლო ოფიციალური ვერსიით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თბილისის შს სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი - ზურაბ მიქაძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - გურამ დონაძე, ასევე შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები (დავით იაშვილი, ირაკლი ფირცხალავა, ალექსანდრე გვაზავა, ლევან გვაზავა და ზაზა ბაქრაძე). მათ ნახეს, რომ დაკავებულებს არანაირი იარაღი არ ჰქონდათ, ამიტომ იარაღი ადგილზე თავად მიიტანეს. მათი გადანაწილების შემდეგ, გურამ დონაძის დავალებით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს და ფალსიფიცირებული კადრები გაავრცელეს.

ჩამოთვლილი პირები ამჟამად ბრალდებულები არიან. მათ შორის, გურამ დონაძეც, რომელიც ბრალდების წაყენების შემდეგ საქართველოში საკუთარი ნებით დაბრუნდა და სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

2006 წელს მიცემული ჩვენება შეცვალა გადაცემა „პატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა გოჩა მუკბანიანმაც. ის ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს არანაირი იარაღი არ უნახავს. გადაღებული ვიდეომასალა მას გურამ დონაძემ გამოართვა, შემდეგ კი ოპერატორს ახალი მასალა გადააღებინეს. როდესაც შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, ადგილზე უამრავი იარაღი დახვდა, მათ შორის, რობაქიძის ფეხებთან.

ფასლსიფიცირებული ვიდეოკადრების გადაღებისას ინსტრუქციების მიცემაში გურამ დონაძეს ადანაშაულებს ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძეც. იარაღის და ხელყუმბარების „ჩადებაზე“ საუბრობენ რობაქიძის თანმხლები ყოფილი ბრალდებულებიც.

2013 წლის 19 თებერვალს გავრცელებულმა კადრებმა, სადაც იარაღის პოვნაა ასახული, გამოძიებას, შესაძლოა, ახალი მიმრთულება მისცეს. დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაუშვა. ეს მასალა ტელეკომპანიას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ამჯამად რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა, ირაკლი ფირცხალავამ გადასცა, რომელიც აცხადებს, რომ მასალა დამოუკიდებელი გამოძიების დროს მოიპოვა.

ვიდეო ეჭვმიტანილთა დაკავების პირველი წამებიდან არის გადაღებული. კადრებში ჩანს (ისმის), თუ როგორ გაუვარდა იარაღი ერთ-ერთ პოლიციელს და, სავარაუდოდ, ტყვია იქვე, პატრულის მანქანასთან მდგომ ბუტა რობაქიძეს მოხვდა. რამდენიმე წლის წინ მომხდარს მსგავსად აღწერდა რობაქიძის ერთ-ერთი მეგობარი, რომლის თქმითაც, იარაღი განერვიულებულ პოლიციელს გაუვარდა.

ვიდეოს მიხედვით, პოლიციელებმა ვერ შეამჩნიეს, რომ რობაქიძე დაჭრილი იყო. კადრებში, რომელიც შეუიარაღებელი თვალით, უწყვეტია, ასახულია, როგორ უპოვა პატრულმა ერთ-ერთ დაკავებულს ნაგანის ტიპის იარაღი, მანქანაში კი კალაშნიკოვის ტიპის იარაღი შეამჩნია.  როგორც კადრებიდან ჩანს, რობაქიძე ამ დროისთვისაც ცოცხალია და სუნთქავს. სასწრაფოს გამოძახების შემდეგ პატრული ეჭვმიტანილებს ხელბორკილებს ადებს და მათ გაჩხრეკვას იწყებს. არცერთს, გარდა წინა სავარძელში მჯდომი მგზავრისა, რომელსაც ნაგანი ჰქონდა, თან იარაღი არ აქვს. კადრებში არ ჩანს მეორე ავტომატური იარაღი და ხელყუმბარა, რომელიც 2004 წლის შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაშია.

რუსთავი 2-ის თქმით, გავრცელებული კადრები მთლიანი მასალის ნაწილია. პროკურატურის განცხადებით, გასარკვევია, ავთენტურია თუ არა მიწოდებული მასალა. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, გამოძიებაში, შესაძლოა, კორექტივები შევიდეს.

თუ კადრების ავთენტურობა დადასტურდა, ეჭვქვეშ დგება გამოძიების ბოლო ვერსია, რომელიც ამ წლების მაძილზე საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ვერსიას თანხვდება და რომლის მიხედვით, დაკავებულებს თან არანაირი იარაღი არ ჰქონდათ. მეორე მხრივ, გასარკვევია, თუ საიდან ამოიღეს სამართალდამცავებმა ხელყუმბარები, რომელიც ახლახან გავრცელებულ კადრებში არ ჩანს. ასევე, როდის მოხდა მეორე გასროლა, რადგან, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბუტა რობაქიძეს ორი ტყვია მოხვდა.

 

 

 

 

 

კომენტარები