პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: აუცილებლად მოვახერხებთ საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, ეს შეხვედრა პირველისგან ძალიან განსხვავდებოდა და უფრო პრაგმატული იყო.

"პირველი შეხვედრა ემოციური იყო. დღეს კი ემოციების ნაცვლად იყო მიზანმიმართული და საქმიანი შეკითხვები. პასუხებიც, ვფიქრობ, ადეკვატური იყო და ჩანდა, რომ ბიზნესმა ხელისუფლების იდეოლოგია დაიჯერა. იგრძნობოდა დიდი ნდობა და ემოციებს თავდაჯერებულობა სჭარბობდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის აღორძინება ქვეყანაში აუცილებლად მოხერხდება. 

"ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას, რამეთუ ამაში გადამწყვეტი როლი ბიზნესმენთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ეკუთვნის", - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენად წარდგენას, ივანიშვილის განმარტებით,  ერთი კვირის შემდეგ გადაწყდება, თუ რა სახელი დაერქვას მის თანამდებობას ოფიციალურად და როგორც ჩამოყალიბდეს მისი საქმიანობა.

"მთავარი იდეა ის არის, რომ ბიზნესს ჰქონდეს მთავრობამდე და პირადად ჩემამდე ინფორმაციის მოკლე დროში მოტანის საშუალება. ბიზნესომბუდსმენის უკან იდგება ჯგუფი, რომელიც შემოსულ კითხვებს დაახარისხებს და უახლოეს დროში მოვახერხებთ ძალიან ახლო თანამშრომლობას ბიზნესმენებთან. ვერავინ მოახერხებს კერძო ბიზნესში ჩარევას. არ მოხდება ბიზნესების ახალი გადანაწილება და მთავრობის ვერცერთი ჩინოვნიკი კანონის გარეშე ბიზნესის საქმიანობაში ვერ ჩაერევა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, უკვე დაიგეგმა ბიზნესმენებთან შემდეგი შეხვედრაც. 

შეგახსენებთ, საქართველოს პერმიერმინისტრი, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 

კომენტარები