კულტურული მემკვიდრეობა

სააკაშვილი ოპონენტებს ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის შეფერხების გამო აკრიტიკებს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტები თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების, ოშკისა და იშხნის რეაბილიტაციის პროექტების შეფერხების გამო გააკრიტიკა. 

სააკაშვილი აცხადებს, რომ მიესალმება აღდგენითი პროცესის დაწყებას და მხარეების მიერ დღეს გამოთქმულ მზაობას, ოშკისა და იშხნის რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში აშენდეს მეჩეთი, თუმცა ოპონენტებს ორი წლის წინ ამავე პროექტზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კრიტიკული პოზიციას გაახსენა.

"ჩვენ ამ საკითხზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე არის გამჭირვალე და ნათელი. მეჩეთები არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ქართული კულტურის ნაწილი, რადგან მუსულმანები არიან საქართველოს საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ძეგლები თურქეთში არის ასევე ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე ნათელია, ჩვენი პოზიცია, რომ უნდა მოხდეს ქართული ძეგლების აღდგენა თურქეთში და უნდა პატივი ვცეთ ტრადიციულ ძეგლებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი პოზიცია ასეთი იყო ყოველთვის და ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მე მივესალმები ამ მიმართულებით გადადგმულ თანამშრომლობის ნაბიჯებს ჩვენს მეზობლებთან. მეორეს მხრივ, ის ხალხი, ვინც დღეს მოვიდა მთავრობაში, ისტერიულ წინააღმდეგობას გვიწევდა სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტაში, სწორედ იმ ფორმით, როგორც მათ გუშინ გამოაცხადეს. მინდა ვთქვა, რომ ამ წარმოუდგენელი, გააფთრებული, დაუსაბუთებელი ხელჩართული წინააღმდეგობის შედეგად ჩვენ გაგვიჭიანურდა პროცესი და ჩვენი ძეგლები უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ახლა ირკვევა, რომ მათ საერთოდ არ ადარდებდათ ჩვენი ძეგლების ბედი. მე არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი იყო კომფორტული სავარძლებისთვის ბრძოლა და როგორც კი მოკალათდებიან ამ სავარძლებზე, მათი პრინციპები მეასე პლანზე გადადის. მინდა გამოვთქვა წუხილი, რომ ჩვენ ამდენი დრო დავკარგეთ, ეგოისტური ინტერესების გამო. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის პოზიციას იმის მიხედვით, თუ რომელ ქალაქში და ვის ელაპარაკება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები