თავდაცვის სამინისტრო

თევზაძისა და ყარყარაშვილის გამოცდილებას კონფლიქტების ანალიზისთვის გამოიყენებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უახლოეს მომავალში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის ამოცანა საქართველო მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების და შეიარაღებული ძალების გამოცდილების შესწავლა იქნება. როგორც დღეს, 11 თებერვალს, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, ამ ჯგუფში თავდაცვის ყოფილი მინისტრები დავით თევზაძე და გია ყარყარაშვილი შევლენ. კაპანაძემ ასევე სამუშაო ჯგუფის წევრად გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გურამ ნიკოლაიშვილი დაასახელა.

როგორც ვახტანგ კაპანაძემ ტაბულასთან საუბრისას განმარტა, თევზაძისა და ყარყარაშვილის კანდიდატურები შერჩეულ იქნა მათი გამოცდილების გამო.

„ჯერჯერობით ეს გვარები დავასახელე, იმ პერიოდში ისინი მინისტრები არ იყვნენ, (აფხაზეთის ომის) სულ ბოლოს იყო ყარყარაშვილი მინისტრი. ისინი საომარი მოქმედებების აქტიური მონაწილეები იყვნენ. ჟურნალისტმა მკითხა, ისინი თუ იქნებიან და მეც ვუთხარი, რა თქმა უნდა, იქნებიან. ისევე, როგორც მრავალი სამოქალაქო და სამხედრო ექსპერტი და ისინი, ვინც მონაწილეობდნენ შეიარაღებულ კონფლიქტებში“, - განუცხადა ტაბულას კაპანაძემ.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფს ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის სახე აქვს და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს. მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებსაც. „თუ საჭირო იქნება ვკითხოთ ოქრუაშვილს, ვკითხავთ, ასევე მაგალითად გიორგი ბარამიძეს, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო“, - განაცხადა კაპარაძემ.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში მიწვევა ნებაყოფლობითი იქნება და მასში მონაწილეობას „არავის დააძალებენ“.

 

კომენტარები