საგამოძიებო სამსახური

გია თორთლაძე დაკითხვაზეა დაბარებული

დეოკუპაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი დეპუტატი გია თორთლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. 

"მიბარებენ დეოკუპაციის ცენტრთან დაკავშირებით. დეტალები არ ვიცი. იქიდან რომ გამოვალ, მერე გეტყვით. მათ უკვე წაიღეს დოკუმენტაცია და კითხვებს დღეს დამისვამენ. ეს არის პირდაპირი ზეწოლა და პირდაპირი ანგარისშწორება ივანიშვილისა ჩემ მიმართ, რადგან მე მას ვაკრიტიკებდი", - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს გია თორთლაძემ.  

როგორც ცნობილია, თორთლაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 7 თებერვალს დაიწყო.

უწყების საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნათია სუხიაშვილის განმარტებით, პროექტის "საქართველო ოკუპანტების გარეშე" ორგანიზების მიზნით, დეოკუპაციის ცენტრს 350 ათასი ლარი ჩაერიცხა. ამავე პროექტის ფარგლებში გადაეცა 104 602 ლარად ღირებული ავტომანქანა ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო. 

როგორც სუხიაშვილმა აღნიშნა, გია თორთლაძემ არ გაითვალისწინა კანონი, ავტომანქანა გაასხვისა 50 ათას ამერიკულ დოლარად და თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა.  

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც თავად გია თორთლაძე აცხადებს, ავტომანქანა მთავრობის განკარგულებით უვადოდ და უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო მას შემდეგ, რაც დეოკუპაციის ცენტრს ვალი დაედო, მანქანა გაყიდა, ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა კი ბიუჯეტში შეიტანა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია.

კომენტარები