მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: უგულავა და მერაბიშვილი შესაძლოა სხვა საქმეებზეც დაიკითხონ

მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, თბილისის მერის მსგავსად, დეპუტატებიც საკუთარ კაბინეტებში დაიკითხონ.

კბილაშვილის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება უარს ამბობს მექანიზმზე, რაც შესაძლოა პირის გამოუცხადებლობას მოჰყვეს, მაგრამ ''ამ ეტაპზე წინა ადგილზე გამოძიების ინტერესი დგას'' და გადაწყვეტილება მიზანშეწონილობის მიხედვით იქნება მიღებული.

"ქალაქის მერი დაკითხულ იქნა კაბინეტში, ეს აიხსნებოდა შემდეგი საფუძვლით - როცა პროკურატურა პირს დაკითხვაზე იბარებს, ის კი საგამოძიებო უწყებაში არ ცხადდება, ეს ადამიანი მინიმუმ არ იქცევა სამართლებრივად, ამიტომ დგება საკითხი: რას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, გამოძიების ინტერესს, თუ იგივე თავმოყვარეობას. უგულავას შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ ორი სახელმწიფოებრივი ინტერესი იქნებოდა, დროულად მიგვეღო ჩვენება, რომელიც თბილსერვისთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას სჭირდებოდა. სხვა შემთხვევაში მიდგომა იქნება ანალოგიური", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

მისივე თქმით, თბილისის მერი გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, დასაკითხად სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც დაიბარონ. 

"თემა, რომელზეც გიგი უგულავა იქნა დაკითხვაზე დაბარებული, არ არის ერთადერთი. შესაძლოა, კიდევ სხვა საქმეები იყოს მის მიმართ წამოწეული. მაგალითად, რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხი და ესეც არ არის ბოლო", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე არსებობს სხვადასხვა საქმეები, ''რომელთა მიმართებაში მერაბიშვილის დაკითხვის აუცილებლობა დგას''. 

''მათ შორისაა გირგვლიანის საქმე, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიება და არა მხოლოდ ესენი", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

შეგახსენებთ, თბილისის მერი გიგი უგულავა, 2 თებერვალს, თბილსერვის ჯგუფის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხეს, ხოლო ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი 2012 წლის დეკემბერში ყალბი პასპორტის საქმეზე ორჯერ დაიკითხა.

კომენტარები