საპატრიარქო

ბოტკოველი: ორი ნაციონალი პარლამენტარის შეფასება საზოგადოების მცირე ჯგუფის აზრს გამოხატავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების, ზურაბ ჯაფარიძისა და სერგო რატიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პატრიარქის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტია შეფასებული.

როგორც მიქაელ ბოტკოველმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, ''ორი ნაციონალი პარლამენტარის შეფასება საზოგადოების მცირე ჯგუფის აზრს გამოხატავს''.

მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, ამ პარლამენტარებს აუდიტორია დაუცარიელდათ.

"მათ ჰქონდათ ამ საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, როდესაც უმრავლესობაში იყვნენ. ჰქონდათ 9 წელი. პირიქით, ყოფილმა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით სიტუაცია კრიზისში შეიყვანა. ასე რომ, დღეს ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში და აცალონ უმრავლესობას", - განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უმცირესობაში იმიტომ არიან, რომ ხალხის უმრავლესობამ მხარი აღარ დაუჭირა, შესაბამისად, მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა რუსეთთან, ''როგორც ჩანს, ხალხისთვის მისაღები არ აღმოჩნდა''. 

"როდესაც ვაფასებთ პატრიარქის წარმატებულ მოგზაურობას რუსეთის ფედერაციაში, ჩვენ არც გვქონია ამბიცია, რომ ეს ყველას მოეწონებოდა. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, შესაძლოა, ადამიანების ჯგუფიც, რომელსაც ეს არ მოეწონებათ. მაგრამ მინდა, დავამშვიდო ისინი, რომ დღეს უმრავლესობაში არ არიან და მათი შეფასებები ისეთი აქტუალური არ არის, როგორც მანამდე იყო", - აღნიშნა მამა მიქაელმა.

მისივე განმარტებით, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტის დაწყება, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა. 

შეგახსენებთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებ­მა სერ­გო რა­ტი­ან­მა და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რო­მელ­შიც რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ვი­ზიტ­სა და მის მი­ერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს აფა­სე­ბენ.

 

კომენტარები