მშობიარობა

სერგეენკო: აქამდე ჯანდაცვის სისტემა იყო მიზნობრივი, ახლა უნდა გადავიდეთ უნივერსალურზე

დღეს, 23 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ტაბულამ კითხვა დაუსვა - მიაჩნდა თუ არა მას რაციონალურად საყოველთაო უფასო მშობიარობის სისტემის შემოღება, ხომ არ აჯობებდა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისით უზრუნველყოფაში დახარჯულიყო ის ფული, რომელიც იმ ადამიანის მშობიარობას უნდა მოხმარდეს, ვისაც ისედაც აქვს ამ თანხის გაღების სახსრები. სერგეენკოს განცხადებით: „სოციალურად დაუცველებს უკვე წლებია ეს სერვისი, მათ შორის - მშობიარობა უფინანსდებათ, დიდი ხანია ეს პროექტი მიმდინარეობს. ახლა უკვე საშუალო ფენაზე გადავდივართ. ანუ აქაც ზოგადი ნაწილის მითითება მნიშვნელოვანია, აქამდე ჯანდაცვის სისტემა იყო მიზნობრივი, ანუ მიზნობრივ ჯგუფებზე მიმართული - პირველ რიგში სახელმწიფო სწორედ, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ბავშვებს, მოხუცებს, სტუდენტებს.... ახლა უნდა გადავიდეთ უკვე უნივერსალურზე, ვთქვათ ასე - ყოვლისმომცველზე“.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უფასო მშობიარობისთვის საჭირო თანხების რაოდენობაზე კვლავ არ საუბრობს. იანვრის დასაწყისში სერგეენკოს განცხადებით, სამინისტროს დათვლილი არ ჰქონდა, რა დაუჯდება საზოგადოებას აღნიშნული მომსახურება. ციფრები არც დღეს დასახელებულა. მისივე თქმით, პირველი ივლისიდან უფასო მშობიარობა სადაზღვევო პაკეტით განხორციელდება - სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს იმ დაწესებულებებთან, რომლებიც ხარისხის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

 

 

 

კომენტარები