პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი: სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და დასავლეთთან ჩვენთვის სამაგალითოა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის იდეალური იქნებოდა ერთდროულად რუსეთთან და დასავლეთთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, როგორც სომხეთის აქვს. ამის შესახებ ივანიშვილმა რადიო თავისუფლების სომხური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორი უცვლელია და ქვეყნის პრიორიტეტად ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება.

მაგრამ, მისი თქმით, „ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ერთმანეთს შევუთავსოთ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა და კარგი ურთიერთობა NATO-სთან, NATO-სკენ სწრაფვა? გვქონდეს კარგი ურთიერთობა ამერიკასთან და NATO-ს ქვეყნებთან“?

„ვფიქრობ, ამის კარგი მაგალითი სომხეთია. სომხეთი ქართველებს კარგ მაგალითს აძლევს და მხოლოდ თეთრ შურს იწვევს. სომხეთს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ასევე აშშ-სთან და NATO-სთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, სომხეთი პრორუსული სამხედრო ბლოკის ОДКБ-ს წევრია, რომელშიც შედიან ასევე რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი. ერევანს ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე რუსეთთან, რომელიც გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის სომხეთში 2044 წლამდე ყოფნას ითვალისწინებს. გიუმრის სამხედრო ბაზაზე 5 ათასი რუსი სამხედრო, ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებია განლაგებული.

სომხეთს არასდროს გამოუთქვამს სურვილი გაწევრიანდეს NATO-ში. თუმცა, თანამშრომლობს ალიანსთან ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მონაწილეობა აქვს მიღებული NATO-ს ოპერაციებში ავღანეთსა და კოსოვოში.

 

კომენტარები