ტელედებატები

ფინანსთა სამინისტრო ტელედებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, განსხვავებული, გაფართოებული ფორმატით ჩაატაროს დებატები ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს შორის. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„ვითვალისწინებთ რა, საზოგადოების დიდ ინტერესს და თითქმის ყველა წამყვანი ტელე-არხისგან მიღებულ შეთავაზებას, აღნიშნული დებატი გამართულიყო სწორედ მათ ეთერში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, 2013 წლის 18 იანვარს უზრუნველყოს ნოდარ ხადურისა და ივანე მერაბიშვილის სატელევიზიო დებატები განსხვავებული, გაფართოებული ფორმატით, სადაც მოწვეული იქნება ყველა ტელეარხის თოქ-შოუს წამყვანი.

იმ შემთხევევაში თუ ივანე მერაბიშვილი ამჯერადაც თავს აარიდებს ფინანსთა მინისტრთან ტელედებატებში მონაწილეობას, აღნიშნულით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიზანს წარმოადგენს უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვანო მერაბიშვილმა ნოდარ ხადურთან ქვეყნის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ტელედებატების გამართვის მზადყოფნა 15 იანვარს გამოთქვა. თავის მხრივ, მონაწილეობაზე თანხმობა მალევე განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება შეთანხმება შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით: ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დებატების  ეთერში 22 იანვარს გამართვა უკვე დააანონსა, ფინანსთა მინისტრი კი დებატში მონაწილეობას საზოგადოებრივ მაუწყებელზე აპირებს.

 

კომენტარები