სასამართლო სისტემა

კუბლაშვილი: ასეთი გამოხტომებით სასამართლოში ვერავინ ვერაფერს მიაღწევს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის გუშინ, 9 იანვარს, გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ "ასეთი გამოხტომებით სასამართლოში ვერავინ ვერაფერს მიაღწევს".
"მათ ოცნებებს ახდენა არ უწერია. ის, რომ ისინი არ ენდობიან სასამართლოს, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, გვენდობოდეს ხალხი და არა -  რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი და მინისტრი. ესაა ჩემი პასუხი ყველა იმ პოლიტიკურ გამოხტომაზე, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. 
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩია, სასამართლოში სასურველი შედეგის მისაღწევად პროკურატურა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტოს.
"თუ მათ სურთ,  სასამართლოდან მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათთვის სასურველია, ამისთვის ერთადერთი რამის გაკეთებაა საჭირო - კარგად უნდა მოამზადონ კადრები და დასაბუთებული პოზიციები მიიტანონ სასამართლოში. იქ კი მოგეხსენებათ, რომ ყველა საქმეზე მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი. მოსამართლეს მხოლოდ შეჯიბრებითობის საფუძველზე გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

კომენტარები