დაცვის პოლიცია

დაცვის პოლიცია ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას სპეციალური რეკომენდაციით მიმართავს.

დაცვის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, სტრატეგიული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე არ გამოიყენონ სადღესასწაულო პიროტექნიკა და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. 

"დედაქალაქსა და ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში ე.წ. პიროტექნიკა დღესასწაულის აღნიშვნის განუყოფელ ნაწილად იქცა. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ამ ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება დაუშვებელია სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. დაცვის პოლიციის მიერ დაცულია საქართველოს ოთხი აეროპორტის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და მესტია) უსაფრთხოება. ასევე, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საელჩოების, საკონსულოების და რეზიდენციების უსაფრთხოება. დაცვის პოლიცია მოუწოდებს საზოგადოებას - აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე და მათ მიმდებარედ არ იქნას გამოყენებული სადღესასწაულო პიროტექნიკა", - ნათქვამია დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 31 დეკემბერს და 1 იანვარს დაცვის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს. 

კომენტარები