ქრონიკა

'ოცნების' ქრონიკა

ოქტომბერი

● ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა. მან განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით და, სულ მცირე, მანდატების ორ მესამედს მიიღებს.

2 ოქტომბერი

● ბიძინა ივანიშვილი მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებას. ქართული ოცნების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მეორე დღესვე წერილობით განცხადებაში განმარტა, რომ პრეზიდენტის გადადგომა მისი კოალიციის „პოლიტიკური მოთხოვნა” ან „ულტიმატუმი” არ არის და ის მზადაა მიხეილ სააკაშვილთან და მოქმედ მთავრობასთან დიალოგისთვის.

4 ოქტომბერი

● ქართული ოცნების ლიდერმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მხარდამჭერებს, შეწყვიტონ ქუჩის აქციები, რადგან მისი პოლიტიკური გუნდი არჩევნებთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვას სასამართლოს გზით აპირებს. თუმცა, ამ განცხადების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, კოალიციის მომხრეები აქციებს აგრძელებდნენ და მათი მონაწილეობით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ინციდენტები მოხდა.

● ამავე დღეს, კოალიციის ლიდერმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი მეწარმეები ჯერჯერობით არ არიან მზად, ამერიკულ ან ევროპულ ბაზრებზე პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ. „აქედან გამომდინარე, კარგი და საინტერესო იქნებოდა რუსულ ბაზარზე დაბრუნება, რომელიც ჩვენთვის უფრო ნაცნობია”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

5 ოქტომბერი

● ქართული ოცნებისა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაიწყო მოლაპარაკება ხელისუფლების გადაცემის თაობაზე.

● რუსულ გამოცემა New Times-ში გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელშიც იგი საქართველოში მცხოვრებ სომხებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „გაოცებულია”, რადგან „მათ სამშობლო გვერდით აქვთ, ისინი კი აქ ცხოვრობენ”. ამ სიტყვებმა უფლებადამცველებისა და მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით ივანიშვილმა განმარტა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული.

● ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა და სახელმწიფოსგან სრულ ხელშეუხებლობას შეჰპირდა. ამავე დროს, კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ „ძალიან ბევრი არარეალური ფასია დღეს ბაზარზე” და მეწარმეებს მოუწოდა, ფასები საკუთარი ნებით დასწიონ.

8 ოქტომბერი

● ბიძინა ივანიშვილმა მომავალი მთავრობის შემადგენლობის დიდი ნაწილი დაასახელა.

9 ოქტომბერი

● პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიმართა. როგორც ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრეცედენტი მისი და მისი გუნდის დამსახურებაა და ის ოპონენტებს მოექცევა „არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა”. თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და აზრთა სხვადასხვაობისა”, ხელისუფლების გადაბარება სამართლებრივად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოხდება.

10 ოქტომბერი

● არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს ბიძინა ივანიშვილს თხოვნით, მოხსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე დავით დარახველიძის კანდიდატურა. ამის მიზეზად დარახველიძის მიერ სიძულვილის ენისა და რასისტული გამონათქვამების გამოყენება დაასახელეს. მოგვიანებით, მინისტრობის კანდიდატმა ბოდიში მოიხადა და მის მიმართ პრეტენზიები მოიხსნა.

12 ოქტომბერი

● NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა. იმავე დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მისი განცხადებით, საუბარი შეეხო „ქვეყნის უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირისკენ და NATO-სკენ სვლის კურსის შენარჩუნებას და გამყარებას”.

16 ოქტომბერი

● ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში.

17 ოქტომბერი

● საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი წარადგინა.

18 ოქტომბერი

● NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ „გამოცდა ჩააბარა” და NATO-ს მხრიდან „უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები” უნდა გადაიდგას, რათა საქართველო ალიანსის წევრი „უახლოეს მომავალში” გახდეს.

19 ოქტომბერი

● ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ხმათა 54.97% კოალიცია ქართულმა ოცნებამ, 40,34% კი ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო. პარლამენტში ქართულმა ოცნებამ 85 ადგილი, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 65 მანდატი მოიპოვა.

21 ოქტომბერი

● ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომა პრეზიდენტმა გახსნა. პარლამენტმა არჩეული 150-ვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო, ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობაში ფრაქციები დაამტკიცა.

24 ოქტომბერი

● პრემიერმინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. უმცირესობის წევრებმა ივანიშვილს უსაყვედურეს იმის გამო, რომ საკუთარი დაპირებების შესრულების კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს. წინა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის „ახერხებდა ევროპის და ევროპული ინსტიტუტების მოტყუებას და რეიტინგებში რაღაცას იმარჯვებდა... მაგრამ ადამიანის უფლებების მდგომარეობით საქართველო იყო კატასტროფულ მდგომარეობაში”. 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით მან ასევე აღნიშნა, რომ „თუ არა დიდი პროვოკაცია, რომელიც თქვენი მონაწილეობით ალბათ პირადად და თქვენი მთავარსარდლის სააკაშვილის მეთაურობით მოხდა და რაც ახსნილია ტალიავინის განცხადებაში და ევროპელები და ამერიკელები ამას აღიარებენ, ეს პროცესი ესე ვერ მოხდებოდა”.

25 ოქტომბერი

● საქართველოს პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. ამავე დღეს ქუთაისში მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა.

ოქტომბერი

● თბილისი არ აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, სანამ მას საელჩოები ექნება ცხინვალსა და სოხუმში, – განაცხადა საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

30 ოქტომბერი

● მთავარ პროკურორად არჩილ კბილაშვილი დაინიშნა.

● აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ხელმძღვანელად არჩილ ხაბაძე დაამტკიცა, რომელიც მანამდე ქართუ ბანკის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი იყო.

ნოემბერი

● პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თავისი სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წარადგინა. მან იმედი გამოთქვა, რომ „შესატყვისი ნაბიჯი” გადაიდგმება რუსეთის მხრიდანაც. მისი თქმით, უპირველესი ამოცანაა ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენა, თუმცა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე პოზიცია უცვლელია.

2 ნოემბერი

● პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ხარჯების „ოპტიმიზაციის” მიზნით, ახალი მთავრობა გეგმავს, შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯები, მათ შორის, პრეზიდენტის სასახლის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თბილისის მერიის დაფინანსება. ივანიშვილმა მოუწოდა სააკაშვილს, დატოვოს რეზიდენცია და სამუშაოდ მთავრობის კანცელარიის შენობაში გადავიდეს.

● რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, გუბერნატორებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერმინისტრი დანიშნავს.

● თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე წარადგინა და განაცხადა, რომ გიორგი კალანდაძე გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე რჩება.

● თბილისის მერმა გიგი უგულავამ პრემიერმინისტრს მიმართა და აცნობა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ წინა მთავრობის 19 ოქტომბრის

განკარგულებების გაუქმების თაობაზე, ასიათასობით თბილისელის სოციალური დახმარებები დაუფინანსებელი დატოვა. მან მზადყოფნა გამოხატა, ჩაერთოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებში პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა ფინანსთა სამინისტრომ მერიისთვის თანხების გამოყოფაზე უარი განაცხადა.

5 ნოემბერი

● რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა 80 მილიონი ლარი, რომელიც მან უკანონო შემოწირულობებისთვის ჯარიმის სახით გადაიხადა. ეს თანხა, ივანიშვილის განცხადებით, კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად უნდა წასულიყო. მოგვიანებით იუსტიციის სამინისტრომ

განმარტა, რომ თანხის დაბრუნება ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს, აღსრულების ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მოხდა აღსრულების პროცედურაში აღმოჩენილი დაღვევების გამო. პრემიერის აპარატმა კი განაცხადა, რომ დაბრუნება უკანონოდ მოხდა და ამ საქმეზე მოკვლევის დასრულებამდე თანხა ხელუხლებელი დარჩება.

● მთავრობამ პარლამენტს განსახილველად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა. პროექტის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14 მილიონი ლარიდან 9,2 მილიონამდე მცირდება, პრეზიდენტზე დაქვემდებარებული ეროვნული უშიშროების საბჭოსი – 24,7 მლნ ლარიდან 1,8 მლნ ლარამდე. სამაგიეროდ, იზრდება მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტის ბიუჯეტი. ამავე დროს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეფასებით, ბიუჯეტში არ არის მკაფიოდ გაწერილი ის თანხები, რომლებიც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას უზრუნველყოფს.

6 ნოემბერი

● ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, საქართველოში დაბრუნებიდან მეორე დღეს, მთავარ პროკურატურაში „მოწმის სახით” დასაკითხად დაიბარეს და დააპატიმრეს. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში წაუყენეს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის ჩვენების საფუძველზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ახალაიამ თავდაცვის მინისტრად ყოფნისას მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

7 ნოემბერი

● გამთენიისას თავდაცვის სამინისტროს შენობაში დააკავეს გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე. დაკავებაში პირადად მონაწილეობდნენ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასევე დააკავეს მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. მათ ბრალი ახალაიასთან ერთად სამხედრო მოსამსახურეთა შეურაცხყოფაში წაუყენეს.

● ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას დაკავებას ახალი ხელისუფლების „პოლიტიკური ანგარიშსწორება” უწოდა და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. შეშფოთება შეიარაღებული ძალების უპატივცემულობის გამო საქართველოს პრეზიდენტმაც გამოთქვა.

● საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რევიზია დაიწყო. მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბიუჯეტის წინაშე 3,8 მლნ ლარის ოდენობით დაგროვილმა საგადასახადო დავალიანებამ.

● საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე უმრავლესობა მხარს ნინა ხატისკაცს დაუჭერს და სხვა კანდიდატურებს აღარ განიხილავს. ამას არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რადგან მანამდე ამ პოსტზე ექვსი კანდიდატი განიხილებოდა, ხატისკაცმა კი თავისი კანდიდატურა ერთ-ერთის, თამარ გურჩიანის, სასარგებლოდ მოხსნა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ პარლამენტში ყველა კანდიდატურას განიხილავდნენ, თუმცა უმრავლესობის კანდიდატად ხატისკაცი დარჩებოდა.

9 ნოემბერი

● თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, კალანდაძე და შამათავა კი გირაოთი

გაათავისუფლა. პროკურატურამ ახალაიას ბრალი დამატებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაც წაუყენა.

● NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თავდაპირველად ნოემბერში იგეგმებოდა, გადაიდო. ამის მიზეზი გაერთიანებული შტაბის მოქმედი ხელმძღვანელის დაკავება გახდა. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა NATO-ში, გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა.

● თბილისის მერს გიგი უგულავას და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, როდესაც უგულავა მთავრობის სხდომაზე მივიდა. ივანიშვილმა უგულავას „სუბორდინაციის დაცვისკენ” მოუწოდა და მიუთითა, რომ ის სხდომაზე მიწვეული არ იყო და „საჭიროების შემთხვევაში დაუძახებდნენ”. გიგი უგულავამ, თავის მხრივ, ივანიშვილს შეახსენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პრემიერმინისტრს არ ექვემდებარება.

12 ნოემბერი

● კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ახალმა მოადგილემ, იური მეჩითოვმა, ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ სასურველია, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს თბილისში სახელი გადაერქვას, რაც, მისი აზრით, რუსეთთან მოლაპარაკებებს შეუწყობს ხელს.

● საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „იქნებ, რუსეთს აქვს არგუმენტი, რომელიც (NATO-სკენ) ჩვენი სწრაფვის უსაფუძვლობაში დაგვარწმუნებს”.

● პრაღაში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატა შეშფოთება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, განსაკუთრებით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო და მოუწოდა საქართველოს ახალ მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რაც ახლა ხდება, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით”.

● საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეისა და NATO-ს გენერალური მდივნის პოზიცია, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მათი „შეცდომაში შეყვანის” და „დეზინფორმაციის” დამსახურება იყო.

● საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ „შერჩევითი სამართალი არ უნდა დავუშვათ, ამას შეუძლია ავნოს ქვეყნის იმიჯს როგორც საზღვარგარეთ, ასევე სერიოზულ დარტყმას მიაყენებს კანონის უზენაესობას ქვეყნის შიგნით”.

● ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის თანაცხოვრების პერიოდი მნიშვნელოვანია და მხარეებს მოუწოდა, არ დაივიწყონ საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობები.

13 ნოემბერი

● პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, „რატომ ინარჩუნებს ხელისუფლებას” პრეზიდენტი, რომელმაც „არჩევნები წააგო”.

ნოემბერი

● NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს მთავრობა დაიცავს კანონის უზენაესობის პრინციპებს და მოუწოდა პრემიერმინისტრს და პრეზიდენტს – „ითანამშრომლეთ და უზრუნველყავით თანაარსებობა”.

● REUTERS-თან ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ „დღეიდან დაწყებული, პერსონალურად ვიზრუნებ იმაზე, რომ ურთიერთობა მქონდეს სააკაშვილთან და წინა მთავრობასთან ისე, როგორც ჩვენი კულტურა იმსახურებს... ჩვენ მათ ისე არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, ოპოზიციის წინააღმდეგ მათი ქმედებების გამო”. პრემიერის თქმით, მან დაარწმუნა NATO-ს გენერალური მდივანი, რომ საქართველოში არ იქნება არც შერჩევითი მართლმსაჯულება და არც ანგარიშსწორება.

● ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მის ქვეყანაში ყოფილ მინისტრებს არ აპატიმრებენ”. თუმცა, პროცესის წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ სიტუაციაში უფრო კარგად გარკვევას გეგმავს.

● ბაჩო ახალაია მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც „კანონიერი ქურდები” არიან განთავსებული. ოპოზიციამ და ახალაიას ახლობლებმა განაცხადეს, რომ ამით ახალაია განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განმარტებით, პატიმრის გადაყვანა „მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა”.

ნოემბერი

● პროკურატურამ შსს-ს თორმეტი თანამშრომელი, მათ შორის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ლევან ქარდავა, მისი ორი მოადგილე და დეპარტამენტის უფროსები დააკავა. მთავარი ბრალდება მათი მისამართით ქართული ოცნების კომპიუტერებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, ივანიშვილის დაცვის წევრის გატაცება, ასევე ქართული ოცნებისა და ქართუ-ჯგუფის ქონების დაზიანება გახდა.

● ამავე დღეს, მოგვიანებით, დააკავეს თბილისის მერის მოადგილე და შს მინისტრის ყოფილი მოდგილე შოთა ხიზანიშვილი, რომელიც, გამოძიების ცნობით, ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას ხელმძღვანელობდა.

● გვიან ღამით საკუთარ სახლთან დააკავეს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც მანამდე მთელი დღის განმავლობაში პროკურატურის შენობასთან იმყოფებოდა და სახლამდე პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა მიაცილა. მას იარაღის უკანონოდ შენახვისა და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდება წაუყენეს. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, გუნავას იარაღი ჩაუდეს და აიძულეს ნარკოტიკული საშუალებები მიეღო. პარლამენტის წევრის გოგა ხაჩიძის თქმით, გუნავას ოფიციალურად აქვს ორი რეგისტრირებული იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მას კი სამართალდამცავებმა დაურეგისტრირებელი მაკაროვის პისტოლეტი აღმოუჩინეს. ასევე, თენგიზ გუნავას ჩხრეკისას ამოუღეს ჰეროინი, ხოლო სისხლში აღმოუჩინეს მორფინი.

● ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ამ დაკავებებს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდეს.

16 ნოემბერი

● საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა, პრეზიდენტსა და მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გორდონმა განაცხადა, რომ პრემიერისგან მიიღო პირობა, რომ იგი კონსტიტუციის შეცვლას არ შეეცდება და მოქმედ პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს. გორდონმა ასევე დაპატიმრებების ფაქტებზე

ისაუბრა და განაცხადა, რომ „აუცილებელია, თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი დევნის რაიმე აღქმა ან რეალობა”.

17 ნოემბერი

● ფილიპ გორდონმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „საქართველოს დემოკრატიის ევოლუცია არჩევნების შემდეგ ძალზედ რელევანტურია” საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებთ იგი დაპატიმრებების თემას შეეხო და გადაცხადა, რომ „თუ დაპატიმრებების აღქმა იქნება ისეთი, რომ პარტიები საქართველოში არ მიჰყვებიან თამაშის წესებს და მუშაობენ არა კონსტიტუციური დებულებით, არამედ იმის მიხედვით, ვის უფრო მეტი ძალა აქვს, NATO-ში იქნება სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, სჭირდებათ თუ არა ალიანსში ასეთი ქვეყანა”. გორდონის თქმით, NATO-ს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რა ფორმით უნდა გაგრძელდეს საქართველოსთან ურთიერთობა, უპირველესად სწორედ დემოკრატიის ხარისხი იქნება გათვალისწინებული. „არსებობს წუხილი იმის თაობაზე, რომ მთავრობამ ძალაუფლება პოლიტიკური მიზნებით არ გამოიყენოს და ამიტომაც მოვუწოდე პრემიერს და სხვებსაც, იყვნენ რაც შეიძლება დელიკატურები. მათი მიზანი უნდა იყოს დემოკრატიული განვითარება. თუ ეს ბრძოლა კონსტიტუციურ ფარგლებს გასცდება, მაშინ ყველა წაგებული დარჩება და საქართველო წინ ვერ წავა. თუ დემოკრატია განვითარდება, ორივე მხარე მოიგებს”, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

 

 

 

კომენტარები