გლობალური კონკუნრენტუნარიანობის ინდექსი

საქართველო ეფექტიანობით განპირობებული განვითარების გზაზე

საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 11 ადგილით წინ წაიწია და ფაქტორებზე დამოკიდებული განვითარების ეტაპიდან, ეფექტიანობით განპირობებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება.

საქართველოს მიერ ინდექსის გაუმჯობესება დაემთხვა პერიოდს, როცა მთელ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა ჯერ კიდევ შენელებულია. 2011 წლის მსგავსად, მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც მსხვილი განვითარებადი და ძირითადი განვითარებული ქვეყნები ეკონომიკური ვარდნის ტენდენციას შეინარჩუნებენ. ამ ქვეყნებს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი წილი შეაქვთ. 2012-2013 წლების პროგნოზის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარებად ქვეყნებში უნდა გაიზარდოს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2012-2013 წლების კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა. 2010-2011 წლების და 2009-2010 წლების ანგარიშის მიხედვით, იგი 139 ქვეყანას შორის 93-ე და 133 ქვეყანას შორის 90-ე ადგილზე იყო. ამ ანგარიშებში საქართველო განვითარების გარდამავალ ეტაპზე რჩებოდა: ფაქტორებით განპირობებული ეკონომიკიდან ეფექტიანობით განპირობებული ეკონომიკისკენ.

ფაქტორებით განპირობებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში მოსახვედრად აუცილებელია მეტ-ნაკლებად გამართული ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და საშუალო განათლება. ამ ჯგუფში ქვეყნები ერთმანეთს კონკურენციას ძირითადად იაფი მუშახელისა და ბუნებრივი რესურსების ხარჯზე უწევენ.

შემდეგ ეტაპზე, ქვეყნებს შორის კონკურენცია ეფექტიანობის მიხედვით იზომება. აქ წამყვანი ხდება დახვეწილი წარმოების პროცესი და პროდუქტის ხარისხი. ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებისთვის კონკურენციის გასაწევად საჭიროა უმაღლესი განათლება და ტრენინგი, ეფექტიანი სასაქონლო, კარგად ფუნქციონირებადი შრომითი და განვითარებული ფინანსური ბაზრები. ასევე, მსხვილი ადგილობრივი ან კარგად ათვისებული უცხოეთის ბაზრები. კონკურენტუნარიანობას დიდწილად განაპირობებს ტექნოლოგიების ათვისებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობაც.

2012-2013 წლების ინდექსში საქართველომ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლა და ეფექტიანობით განპირობებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

2012-2013 წლების ინდექსში საქართველომ კონკურენტუნარიანობის 12-დან 6 კომპონენტი გააუმჯობესა. ყველაზე დიდი ნახტომი ქვეყანამ მაკროეკონომიკური გარემოს კომპონენტში გააკეთა. ამ კომპონენტში მან 49 ადგილით წაიწია წინ და შარშან 137-ე ადგილიდან წელს 88-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველომ 24 ადგილით გააუმჯობესა ტექნოლოგიური მზაობის კომპონენტიც. ყველაზე მცირე გაუმჯობესება (6 ადგილით) ჯანდაცვისა და საშუალო განათლების, ასევე, ფინანსური ბაზრის განვითარების კომპონენტებს შეეხო.

 

2012-2013 წლების ინდექსში ყველაზე მეტად საკუთრების უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომპონენტი გაუარესდა. ამ კომპონენტში ქვეყანამ 21 ადგილით უკან დაიხია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით საქართველოს მთავარი გამოწვევაა სამთავრობო ინსტიტუტების გაძლიერება, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შრომითი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდა. 2012-2013 წლების ინდექსის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (მსოფლიოში 35-ე ადგილი) შრომის ბაზარს აქვს.

 ეფექტიანობით განპირობებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში საქართველოსთან ერთად კიდევ 32 ქვეყანა შედის. უშუალო მეზობლებიდან განვითარების ამ ეტაპზე მხოლოდ სომხეთია. აზერბაიჯანი განვითარების დონით ყველა თავის უშუალო მეზობელს ჩამოუვარდება. უფრო მაღალ - ინოვაციური განვითარების საფეხურზეა რუსეთი და თურქეთი. განვითარების ამ ეტაპზე კონკურენციას ანაზღაურების დონე განსაზღვრავს. მაღალი ხელფასების შენარჩუნება, რაც ცხოვრების მაღალი დონის მაჩვენებელია, მხოლოდ იმ გარემოში შეიძლება, სადაც ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს კონკურენცია უნიკალური პროდუქციით, სერვისებით, ბიზნესმოდელებით და პროცესებით გაუწიონ. ინოვაციის გარეშე ამ ამოცანის მიღწევა შეუძლებელი ხდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2012-2013 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის 43 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნების ეკონომიკამ ბევრი სირთულე გამოიარა - მათ შორის, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, საბერძნეთში სუვერენული ვალის მდგრადობის პრობლემები. ამ პრობლემებმა ევროპის ბევრი ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიამდე მიიყვანა, ინფლაციის მაღალი დონით და ევროს კრიზისით. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედავად, ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი გლობალურად კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ექვსი ევროპული ქვეყანა მსოფლიოს ტოპ ათეულში შედის. კიდევ ათი ქვეყანა კი - მსოფლიო ოცეულში.

ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნების მსოფლიო ათეულის ლიდერი უკვე მეოთხე წელია შვეიცარიაა. მეორე ადგილს ინარჩუნებს სინგაპური. ფინეთი და შვედეთი მესამე-მეოთხე ადგილებზეა. ათეულში ასევე შედის ნიდერლანდები (მე-5 ადგილი), გერმანია (მე-6 ადგილი), გაერთიანებული სამეფო (მე-8 ადგილი), აშშ (მე-7 ადგილი), ჰონგ კონგი (მე-9 ადგილი) და იაპონია (მე-10 ადგილი).

 

 

 

კომენტარები