რელიგია

შეუწყნარებლობის ახალი კერა

სოფელ წინწყაროში რელიგიური შეუწყნარებლობის ახალი ტალღა, ნიგვზიანში განვითარებული ანალოგიური მოვლენების კვალად, სახელმწიფოს უმოქმედობის კიდევ ერთ მაგალითად იქცა. როგორც მოსალოდნელი იყო, რელიგიურმა კონფლიქტმა ახალი გეოგრაფია აითვისა. ამ გამოწვევას კი ხელისუფლებამ არ უპასუხა სათანადო, სამართლებრივი მოქმედებებით. სახელმწიფომ არათუ არ დასაჯა დამნაშავეები, რომლებიც უხეშად ხელყოფდნენ მუსლიმთა თავისუფლებას, არამედ უცნაური შეთანხმების მედიატორადაც მოგვევლინა – მუსლიმებს გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდებათ. შეთანხმების მიხედვით, რომელიც მართლმადიდებლურ ეპარქიასა და მუსლიმთა წარმომადგენლებს შორის შედგა, სოფელ წინწყაროში არსებულ მუსლიმურ სამლოცველოში, არაწინწყაროელი მუსლიმი სალოცავად არ უნდა ჩავიდეს.

წინწყაროში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ბერძენი იყო, 2005 წელს სახელმწიფომ აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრანტები ჩაასახლა. წლების განმავლობაში ორი კონფესიის წარმომადგენლები სოფელში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, შეუწყნარებლობამ კი მას შემდეგ იფეთქა, რაც მუსლიმებმა, რამდენიმე თვის წინ, კერძო სახლში, სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოს დაფინანსებით, სამლოცველო მოაწყვეს და ჯერ კიდევ გაურემონტებელ კედლებში საჯარო ღვთისმსახურებას შეუდგნენ.

არჩევნებამდე ამოქმედებული სამლოცველო, არჩევნების შემდეგ ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილის მხრიდან თავდასხმების მიზეზად იქცა. სოფლის მუსლიმი წინამძღვარი ტაბულასთან საუბარში ამბობს: „მეუბნებიან, რომ აქ ვერ ვილოცებ და სოფლიდან გამასახლებენ, არ გქონდა მეჩეთის მოწყობის უფლებაო. სოფლის ცენტრში ჩემს საცემად იწევდა ხალხი. ვითხოვთ დახმარებას, სოფელში ვრცელდება ხმები, რომ სამლოცველო თურქმა ააშენა, რაც სიმართლე არ არის. გვაგინებენ და გვლანძღავენ, თათრები ხართ და აქ ვერ ილოცებთო”.

კონფლიქტი მწვავდება ყოველ პარასკევს, როცა ისლამური ტრადიციის თანახმად, მორწმუნეებმა საჯარო ლოცვა უნდა აღასრულონ. სოფლის ჭიშკართან შეკრებილი ქრისტიანული მოსახლეობა ცდილობს, ხელი შეუშალოს მუსლიმთა ღვთისმსახურებას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, მუსლიმების სოფლიდან გასახლებით იმუქრება. ისმის ძალადობისკენ მოწოდებები და არსებობს ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე. კონფლიქტი სოფელში რამდენჯერმე განმეორდა, პოლიცია კი დაძაბული სიტუაციის განმუხტვას მხოლოდ გამშველებლის როლში ცდილობდა. დაძაბულობა იქამდეც მივიდა, რომ მუსლიმთა წინამძღვარმა უარი თქვა საკუთარი მსახურების აღსრულებაზე და პარასკევის ლოცვაზე არ მივიდა. მისი განცხადებით, მუქარა ისმის მისი ოჯახის წევრებისა და ბავშვების მიმართაც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც წინწყაროელი ქრისტიანებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრაა ასახული, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ სოფლის ახალგაზრდები პარასკევს მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და ამას მსხვერპლი მოჰყვება, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს: „გარდაუვალია ეგ”.

მისივე განცხადებით: „უნდათ, რომ მათი უფლებები არ დაირღვეს, მაგრამ ჩვენი უფლებებიც ხომ ირღვევა? მოსახლეობა დამშვიდდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი, ვინც ჯვარი მოჭრა, პასუხს აგებენ. რას ჰქვია ჯვარი მოჭრან, ამას სახელი არ ჰქვია. ეს არის ძველი ხელისუფლების ქმედება, რომ წყალი აამღვრიოს”.

საუბარია რამდენიმე ჯვარზე, რომლებიც წინწყაროს ერთ-ერთი სასაფლაოს ჭიშკრიდან უცნობმა პირებმა ჩამოხსნეს. თუმცა, რომც დამტკიცდეს, რომ ჯვარი მუსლიმმა ჩამოხსნა, გაუგებარია, რატომ უნდა აკისრებდნენ დეპუტატები ერთი პირის ქცევაზე, მთელ რელიგიურ თემს კოლექტიურ პასუხისმგებლობას.

ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით: „თუ ლაპარაკია უფლებების დარღვევაზე, მოლა რომ ილოცებს დილის 6 საათზე, რატომ არ უშვებთ იმას, რომ დაირღვევა ქრისტიანების უფლებებიც? იქნებ არ უნდათ დილის 6 საათზე მოისმინონ მუსლიმების ლოცვა. სახლში ვისაც უნდა ილოცოს, სხვას ნუ შეაწუხებენ თავისი ქმედებით”.

უმრავლესობის წარმომადგენლები მოითხოვენ დაისაჯოს არა დამნაშავე, რომელიც მუსლიმებს ძალადობით ემუქრება და საჯარო ღვთისმსახურებას ხელს უშლის, არამედ ის, ვინც ჯვრები ჩამოხსნა მუსლიმური სასაფლაოდან. რელიგიური უმცირესობის განცხადებით, მათთვის უცნობია, ვინ ჩამოხსნა ჯვრები, თუმცა არ უარყოფენ, რომ ჭიშკარზე მათი გამოსახვა მათთვისაც მიუღებელი იყო. „ამიხსენით, ქრისტიანულ სასაფლაოზე ნახევარმთვარე რომ მიმემაგრებინა, ის იქნებოდა დამნაშავე, ვინც მას ჩამოხსნიდა თუ მე?” – უთხრა ტაბულას ადგილობრივმა მუსლიმმა.

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა წინწყაროსთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართა და მომხდარი ინციდენტის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. ომბუდსმენის ოფისის განცხადებით: „სამწუხაროდ, სოფელ წინწყაროში მიმდინარე პროცესები ბოლო პერიოდში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმ მოსახლეობას უპირისპირდება და აცხადებს პროტესტს მათი მხრიდან რელიგიური თავისუფლების განხორციელებაზე. პირველ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სოფელ ნიგვზიანში 2012 წლის ოქტომბრის თვეში. საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა, თუმცა ჩვენთვის ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხი გატარებული ღონისძიებების შესახებ ცნობილი არ არის”.

წინწყაროში მიმდინარე მოვლენებს პრემიერი ივანიშვილიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ „რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ამ ქვეყნის მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს ვინმესთვის ამ უფლების შეზღუდვას. სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ თითოეულ კანონდარღვევას და უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც კანონსაწინააღმდეგოდ მონაწილეობს ამ სამარცხვინო დაპირისპირებაში”.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის განცხადების ეს ნაწილი აღიარებს რელიგიურ უმცირესობათა კონსტიტუციურ უფლებას, რაც უმრავლესობის სხვა წევრების განცხადებების ფონზე მხოლოდ მისასალმებელია, მის განცხადებაში ასევე ვხვდებით მოსაზრებებს, რომელიც რეალობას დამახინჯებულად წარმოგვიდგენს.

მაგალითად, პრემიერი აცხადებს: „რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება აშკარად პროვოკაციის ნიშნებს ატარებს და საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”, – პრემიერმა, ისევე როგორც უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებმა, რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციად შეაფასა და მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს მოუწოდა: „მინდა მოვუწოდო ჩვენს როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმან მოქალაქეებს, თავი შეიკავონ და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციას, რომლისთვისაც სრულიად უცხოა ასეთი დაპირისპირება, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს და ნუ გახდებიან ყოვლად უღირსი ქმედების მონაწილეები”.

მუსლიმთა რელიგიური თავისუფლება უკვე შეილახა და ადგილობრივების დაშინებისა და მუქარის გამო, საჯარო ღვთისმსახურებას ხელი შეეშალა. გაუგებარია, რატომ მოუწოდებს პრემიერი მუსლიმებს მართლმადიდებელთა პატივისცემისკენ, როცა ისინი არც არაფერს აშავებენ და თავად წარმოადგენენ დაშინების ადრესატებს. სამართალდამცავებმა არც ნიგვზიანსა და არც წინწყაროში არ დააკავეს დამნაშავეები, რომლებიც მუსლიმ მრევლს ემუქრებოდნენ, ხულიგნობდნენ და რელიგიურ რიტუალს ხელს უშლიდნენ. თუ ეს ყველაფერი პოლიტიკური ოპონენტების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, გაუგებარია მოტივაცია, რატომ იკავებენ ხელისუფლების წარმომადგენლები მათი დაკავებისგან თავს? კანონმდებლობის მიხედვით, წამქეზებელიც პასუხს აგებს კანონის წინაშე.

სახელმწიფოს ჩაურევლობის გამო შეშინებულ მუსლიმ მრევლთან უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ჩავიდა და ორი კონფესიის წარმომადგენლები „შეათანხმა”. სახელმწიფომ უარი თქვა სისხლისსამართლებრივი დანაშაულების გამოძიებაზე და სიტუაცია მარტივად „მოაგვარა” – წინწყაროელი მუსლიმები ილოცებენ სალოცავში, მაგრამ ის, ვინც წინწყაროელი არ არის, ღვთისმსახურებას ვერ დაესწრება.

„ხელისუფლების ე.წ. ჩაურევლობის პოლიტიკა, სინამდვილეში, არაძალადობრივი ჩარევის პოლიტიკაა. ჩვენ არ მივმართავთ ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ ზომებს პრობლემებში ჩარევისთვის და მათ მოსაგვარებლად ვიყენებთ სხვა ინსტრუმენტებს. ეს არის დიალოგის ფორმა. დაშორიშორება, დარეგულირების მცდელობა არაადმინისტრაციული ზომით”, – განუცხადა ჟურნალ ლიბერალს ზაქარია ქუცნაშვილმა.

უმრავლესობის წარმომადგენელმა გააგრძელა წარსულში იუსტიციის მინისტრის მიერ შემოთავაზებული ფორმულა და დაგვაყენა რეალობასთან, სადაც სახელმწიფო კანონს არ იცავს – მაგრამ პრობლემა გვარდება. პრობლემის მოგვარება კი მოცემულ შემთხვევაში არა შეუწყნარებელთა აგრესიის დაცხრობაა მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებით, არამედ დაზარალებულთა უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვა. ამდენად, ეს ქმედება განგაშის საფუძველს იძლევა. თუ აქამდე სახელმწიფოს დანაშაული მისი უმოქმედობა იყო – ახლა ამას პირდაპირი ძალადობაც დაემატა. გამოდის, რომ სახელმწიფოს შეუძლია რელიგიური უმცირესობა ჯერ მარტო დატოვოს აგრესიულ მასასთან, ხოლო შემდეგ კონფლიქტის მოსაგვარებლად შესთავაზოს, უარი თქვას საკუთარ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე.

ნიგვზიანის შემდეგ ახალი შეუწყნარებლობის კერის აალება, ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა ყოფილიყო, რომ მისი პოლიტიკა მცდარია. თუმცა ის ძაღლის თავს ჯერაც ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებში ეძებს და ვერ აცნობიერებს, რომ რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა, შეუწყნარებლობას ეპიდემიად აქცევს, მის წინააღმდეგ ვაქცინა კი მხოლოდ ძალიან დიდი დროა. დრო, რომელიც კონფლიქტებით ისედაც დასუსტებულ ჩვენს სახელმწიფოს, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს.

კომენტარები