საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო

TI: გვარამიას სატელეფონო საუბარზე მიყურადების უფლება საგამოძიებო სამსახურს არ ჰქონდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით საკუთარ ვებგვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ  ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან და იმ სასამართლოს ბრძანებებიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ჩანს, რომ ნიკა გვარამიასა და ვანო მერაბიშვილის, ასევე დევი კანდელაკისა და ალექსანდრე ხეთაგურის სატელეფონო საუბარების ნებართვა საგამოძიებო უწყებას არ გააჩნდა.  
‎"2012 წლის 19 დეკემბერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ყოფილი ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრის და სხვა პირთა დაკავების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარული სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე დაიდო სასამართლოს ბრძანებები, რომელთა თანახმად, სასამართლომ ნება დართო საგამოძიებო სამსახურს ფარული მიყურადება და ჩაწერა განეხორციელებინა გიორგი ნემსიწვერაძისა და კახა დამენიას ტელეფონებზე.
გავრცელებულ აუდიომასალაში წარმოდგენილია ნიკა გვარამიასა და ვანო მერაბიშვილის, ასევე დევი კანდელაკისა და ალექსანდრე ხეთაგურის, სატელეფონო საუბარები. თუმცა, საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე დადებულ სასამართლო ნებართვებში აღნიშნული პირები ნახსენები არ არიან", - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებაში.
ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს დამატებითი განმარტება გააკეთონ, თუ რა საფუძვლით მოხდა აღნიშნული პირების სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება.

კომენტარები