ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი: ნაციონალური მოძრაობა არ დაუშვებს "ბნელ წარსულში" დაბრუნებას

რამდენიმე წუთის წინ,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, პარტიის თავმჯდომარემ, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა. 
”ის რაც მოხდა გუშინ, კერძოდ, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკავება და მასთან ერთად ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალეკო ხეთაგურის დაკავება -არის გაუგონარი ფაქტი”, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, ”მსგავსი მოვლენა” - დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორის დაკავება, ”თვით რუსეთშიც კი” არ მომხდარა. 
მერაბიშვილი აცხადებს, რომ იმის გამო, რომ მმართველი გუნდი დეკლარირებული წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ვერ ახერხებს, ის ცდილობს აქცენტების გადატანას და შეტევას ახორციელებს ყველა უწყებაზე, რომელიც ”ივანიშვილის პირად დიქტატს” არ ექვემდებარება. 
”ყველაფერი, რაც არის [ივანიშვილისგან] დამოუკიდებელი, მისი წარმოდგენით, საქართველოში არ უნდა არსებობდეს. არ უნდა არსებობდეს ოპოზიციური პარტია, ეს მან უკვე განაცხადა... არ უნდა არსებობდეს თავისუფალი ტელევიზია და ამაზეც მან არაერთხელ ისაუბრა... არ უნდა არსებობდეს სასამართლო, რომელსაც ის პირადად ვერ აკონტროლებს... და საერთოდ, საქართველოში არ უნდა არსებობდეს არავინ, ვინც მის პირად კონტროლქვეშ არ არის”, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. 
მერაბიშვილის განცხადებით, ამ ფონზე,  ნაციონალური მოძრაობა იძულებულია მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს, იმისთვის რომ საქართველოში ”დემოკრატიის შეზღუდვა” და ქვეყნის ”ბნელ წარსულში” დაბრუნება არ დაუშვას. 
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი საგამოძიებო სამსახურის მიერ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ჩანაწერი, რომელიც გამოაქვეყნეს, ეწინააღმდეგებოდა გამოძიების ვერსიას. 
”ვერ გავიგე, რატომ გამოქვეყნდა ჩემი ჩანაწერი? ჩემი ჩანაწერი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ვერსიას, რომელიც გამოქვეყნდა. ჩემი საუბარი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გამოაქვეყნეს, ამით გვითხრეს, რომ ჩვენ გაკონტროლებთ, გისმენთ და მათ უნდათ ჩვენი დაშინება. მინდა მათ ვუთხრა, რომ წლების განმავლობაში ჩემი არაერთი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, როცა მე ვიმყოფებოდი რუსეთში. შეჩვეული ვარ, რომ ტელეფონში სერიოზულ თემებზე არ ვისაუბრო. აქედან გამომდინარე, მე აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე და რასაც ჩუმად ჩემს მეგობრებთან ვლაპარაკობ, ცოტა ხანში ამას პრესკონფერენციაზე ვაცხადებ. არაფერი არ მაქვს დამალული. არ მეშინია, მათ შეუძლიათ თავისუფლად მომისმინონ. ეს იყო დეკლარირება იმისი, რომ ჩვენ გვისმენენ”, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

კომენტარები