ინტერ რაო

გვარამიას საქმეზე ინტერ რაო საგამოძიებო სამსახურის ვერსიას უარყოფს

რუსულმა ენერგოკომპანია ინტერ რაომ დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰყავდა დაქირავებული საკონსულტაციო კომპანია. კონსულტანტს ინტერ რაოს შვილობილი კომპანიისთვის, თელასისთვის ენერგეტიკისა და გადასახადების სფეროში უნდა მიეცა რჩევები.

"ნამდვილად გვყავდა დაქირავებული საკონსულტაციო კომპანია. მას საქართველოში ტარიფების და გადასახადების სისტემა უნდა გაეანალიზებინა. ასევე მოხდა საქართველოში ყველა ჩვენი აქტივის გაანალიზება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანი საქართველოში ტარიფების შემცირება იყო", განუცხადა ინტერ რაოს წარმომადგენელმა რუსულ გამოცემა РИА Новости-ს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, კონსულტანტი აგვისტოში დაიქირავეს.

"კომპანია ნახევარი წლით დავიქირავეთ, ნახევარი წლის შემდეგ მუშაობას დაასრულებს და ამის შემდეგ ვაპირებთ საქართველოს საგადასახადო სამსახურთან შეთანხმების გაფორმებას", განაცხადა ინტერ რაოს წარმომადგენელმა. 

პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ანალიტიკოსის, იურისტ ოთარ კახიძის თქმით, სახელმწიფოსა და გადასახადის გადამხდელ კომპანიას შორის საგადასახადო შეთანხმება მსოფლიოში მიღებული ფორმაა, ამისთვის საკონსულტაციო ფირმის დაქირავებაც მიღებული პრაქტიკაა. კახიძის თქმით, ინტერ რაოს განცხადებით გამოჩნდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ამ განცხადებით ირკვევა, რომ ქრთამის მიცემას ადგილი არ ჰქონია და გადახდილი იყო მართლაც მომსახურების საფასური. არ არის სახეზე არც რაიმე ზიანი, რომელიც მიადგა სახელმწიფოს. არც ამოღებული ფული წარმოადგენს მტკიცებულებას, ვინაიდან ის არის საკონსულტაციო მომსახურების საფასური. საკონსულტაციო მომსახურების საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებაც სრულიად ლეგალურია. გამოძიება ამბობს, რომ "არ არსებობდა თელასის ცენტრალური შესყიდვების ორგანოს გადაწყვეტილება შპს "ლენდეფ სერვისისგან" საკონსულტაციო სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. "ეს არგუმენტი აღარ არსებობს ინტერ-რაოს განცხადების შემდგომ", აცხადებს კახიძე.

19 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნიკა გვარამაია, ალეკო ხეთაგური, თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და კიდევ 3 პიროვნება დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ ქრთამის მიღების სქემა შეიმუშავეს. პრკურატურის ვერსიის მიხედვით, თელასი და კიდევ 3 კომპანია საკონსულტაციო კომპანიის დაიქირავებდა. რეალურად კი კონსულტანტისთვის გადაცემული ფული მაღალჩინოსნების ხელში მოხვდებოდა. 

კომენტარები