საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო უწყება დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების პირად მონაცემებს აგროვებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს სასწრაფოდ ანკეტების შევსებას სთხოვს, რომელშიც მათ მრავალი სახის პირადი ინფორმაცია უნდა მიუთითონ. ტაბულას ინფორმაციით, საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლებმა ანკეტა შესავსებად სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელისგან მიიღეს. ისინი, კერძოდ, ვალდებულნი არიან მიუთითონ საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები, ასევე ინფორმაცია იჯახის წევრთა ვინაობისა და ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ. ასევე - ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების თაობაზე. აგრეთვე იმ ნათესავების ვინაობა და სამუშაო ადგილები, რომლებიც საგარეო უწყების სისტემაში მუშაობენ. თანამშრომლებს ასევე ახლო ნათესავებისა და მეზობლების საკონტაქტო მონაცემებს სთხოვენ.

როგორც ტაბულას თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტმა ოთარ კახიძემ განუმარტა, მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით რეგულირდება. ამ კანონით კი მონაცემთა შეგროვება მხოლოდ კანონიერი მიზნისთვის არის დასაშვები და ისინი მხოლოდ იმ მოცულობით უნდა დამუშავდეს, რაც კანონიერ მიზანს სჭირდება.

კანონის მოთხოვნით, სამინისტრო ვალდებულია, მონაცემთა სუბიექტს (თანამშრომელს) მონაცემთა დამუშავების მიზანი გააცნოს. აგრეთვე, განუმარტოს, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემთა მიწოდება. თუ სავალდებულოა − აუხსნას მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. მონაცემთა სუბიექტს ასევე უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოს მათი გასწორება, წაშლა ან განადგურება.

შესაბამისად, თუ სამინისტროს ეს მოთხოვნები შესრულებული არ აქვს, ასეთი სახით მონაცემთა შეგროვება კანონდარღვევას წარმოადგენს.

 

კომენტარები