რობაქიძის საქმე

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს - ზურაბ მიქაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოს. ზურაბ მიქაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გუშინ, 30 ნოემბერს დააკავეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრების აღშფოთება მოყვა. მათი აზრით, მიქაძე უნდა დაეპატიმრებინათ.

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პოლიციის სხვა თანამშრომლები. "მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროს დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა საპატრულო პოლიციის ორი მანქანით მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ მისივე დავალებით პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. ამირან რობაქიძის გვამთან დადეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით. ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გ. ჭ. გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიქაძემ გირაოს სახით, 16 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.

კომენტარები