მეცხრე არხი

ვასილ მაღლაფერიძემ მეცხრე არხი დატოვა

მე-9 არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ და გადაცემა კონსილიუმის ავტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია დატოვა. როგორც მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მე-9 არხში განვითარებული მოვლენების შესახებ მან მხოლოდ  ტელეეთერით შეიტყო.
"არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მე საქმის კურსში ვყოფილიყავი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ესე იგი მე არ ვიყავი საჭირო. მე ხომ რიგითი თანამშრომელი არ ვარ. მე ვიყავი დირექტორის მოადგილე და ამ დროს პირდაპირი ეთერიდან ვიგებ, რომ დირექტორმა თანამდებობა დატოვა", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ. 
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია მე-9 არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა გუშინ, 29 ნოემბერს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რაც არხზე მიმდინარე რეორგანიზაციით ახსნა. არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჟამად ლუბა ელიაშვილი ასრულებს.
რაც შეეხება არხის თანამშრომლებს, ისინი რეორგანიზაციის დასრულებამდე არხზე რჩებიან და მუშაობას განაგრძობენ.

კომენტარები