ტელეკომპანია 202

კობა ბექაური: ადეიშვილმა მითხრა, ან დაგიჭერ და გაგანადგურებ, ან ფული უნდა მისცეო

ყოფილი დეპუტატი კობა ბექაური, დღეს, 26 ნოემბერს, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში მივიდა და განაცხადა, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ 2005 წლის საქმე ზურა ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის მოწყობილი იყო.  
ბექაურმა შალვა რამიშვილის გადაცემაში მისვლის მიზეზად იმ "ტვირთის" მოხსნა დაასახელა, რომელიც მას მთელი ეს წლებია აწუხებს.  
კობა ბექაური აცხადებს, რომ  შალვა რამიშვილის "შესაჩერებლად", ის დათა ახალაიას კაბინეტში დაიბარეს, იმისთვის, რომ "ყველაფერი ისე მოეგვარებინათ, როგორც ისინი ეტყოდნენ". 
"დათა ახალაიას კაბინეტში დამხვდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, თავად დათა ახალაია. მაშინ, როდესაც იყო საუბარი, ფული შემეთავაზებინა შენთვის და ამის შემდეგ შენ დაგაკავებდნენ, ერთი პერიოდი წინააღმდეგობა გავუწიე, ვუთხარი, რომ იქნებ ჩემგან არ გამოვიდესო. ადეიშვილმა მითხრა, ან დაგიჭერ და გაგანადგურებ, ან ფული უნდა მისცეო", -განუცხადა ბექაურმა რამიშვილს. 
ბექაურმა ისიც განაცხადა, რომ 30 ათასი ლარი, რომელიც შალვა რამიშვილს ქრთამის სახით შესთავაზა, მას ვანო მერაბიშვილის დავალებით მიუტანეს. ფარული ვიდეომასალა კი, რომელიც მან კუდ-ის შენობაში მიიტანა, გიგი უგულავამ წაიღო.  
როგორც კობა ბექაური აცხადებს, ტელეკომპანია 202-ის დახურვით მიხეილ სააკაშვილი პირადად იყო დაინტერესებული, ხოლო დეტალებს მასთან პირადად ადეიშვილი ათანხმებდა. 
შალვა რამიშვილის კითხვაზე, ამ საქმესთან კავშირში მიიღო თუ არა მან რაიმე ფინანსური სარგებელი, ბექაურმა განაცხადა, რომ პირიქით მას ჩამოართვეს ტერმინალი, რომელშიც მის ოჯახს ინტერესი ჰქონდა, თანაც ისე, რომ მას ფული არ გადაუხადეს. 
შეგახსენებთ, რომ  ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 2005 წლის აგვისტოში კობა ბექაურისგან ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. 
 

კომენტარები