ოკუპაციის მუზეუმი

იური მეჩითოვი: ოკუპაციის მუზეუმი შეიძლება დარჩეს, მაგრამ სხვა სახელი ჰქონდეს

ერეკლე მეორის საზოგადოების ორგანიზებით, გუშინ თბილისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებას ითხოვდნენ.

მათი განცხადებით, ოკუპაციის მუზეუმის არსებობა ხელისშემშლელი ფაქტორია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაში. აქციის მონაწილეები ითხოვენ, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ნაცვლად, გმირთა მუზეუმმა იარსებოს და მიიჩნევენ, რომ ,,ახალი ხელისუფლების პირობებეში მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია’’.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, იური მეჩითოვი, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპაციის მუზეუმი არ უნდა გაუქმდეს, თუმცა მას სხვა სახელი უნდა დაერქვას.

,,სტრატეგიულად ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, ტაქტიკურად თუ რაღაც უშლის ამ გამთლიანებას ხელს, წარწერა იქნება, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მუზეუმი შეიძლება დარჩეს, მაგრამ სხვა სახელი ჰქონდეს. იგივეა რუსეთთან მოლაპარაკებებზე. მე არ ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, უბრალოდ, როგორც მოქალაქე, გეტყვით ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ წინაპირობას დავუდებთ და დავაწვებით, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთი ამას არ აღიარებს და არც მოლაპარაკებები იქნება და არაფერი. ჩვენი მიზანი რა არის? მოლაპარაკეების დაწყება და კომპრომისის ძიება, უკომპრომისო დიპლომატია არ არსებობს. ჩვენ არადიპლომატიურ ენაზე ვსაუბრობთ, დიპლომატიაში არსებობს სივრცე შესაძლებლობების. ჩვენ ძალიან ხშირად არადიპლომატიურად ვიქცეოდით და შესაბამისი შედეგიც გვაქვს’’, - აცხადებს იური მეჩითოვი.

მეჩითოვი ასევე განმარტავს, რომ მკვლევრები აღნიშნულ პერიოდს ,,უპირობო ოკუპაციად არ მიიჩნევენ’’.

,,შესასწავლია საკითხი, უნდა ვნახოთ, რა არის მარადიული, მარადიულია ის, რომ საქართველო არ იყო თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ დეფინიციები და დასახელებები, ისეთი ტერმინი უნდა დავარქვათ, რომ არ მოგვიწიოს ბოდიშის მოხდით ამ დასახელების გამოცვლა ან რამე მსგავსი. იგივე უცხოეთში მკვლევრებში რომ ნახოთ, ეს პერიოდი, უპირობოდ ოკუპაციად არ არის მიჩნეული’’, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.  

მოთხოვნა გაისმა ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებითაც. ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე აცხადებს, რომ ტერმინი ოკუპაცია, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესს ხელს უშლის.

,,ოკუპაციის კანონის გაუქმება არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, პირიქით, ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რათა დიპლომატებს  მიეცეთ საშუალება ყველა იმ პრობლემაზე დაიწყონ საუბარი, რომლებიც აფხაზებს, ოსებს და ქართველებს აწუხებს და ტერმინის ოკუპაცია ამ პროცესს ხელს უშლის’’.

ოკუპაციის მუზეუმის ადმინისტრაცია, აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გაავრცელებს. 

კომენტარები