გიგი უგულავა

გიგი უგულავა: სოციალური შეღავათების გაუქმება პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო

თბილისელებისთვის შეღავათების გაუქმება პირადად ბიძინა ივანიშვილის გდაწყვეტილება იყო - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ, ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური შეღავათების საკითხის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ჩასმაზე უარის თქმა,  ,,ცინიზმის მწვერვალია“.'

,,დღეს გამოჩნდა კიდევ უფრო მძიმე სურათი. აქამდე მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი წყდებოდა ფინანსთა სამინისტროს დონეზე, ფინანსთა სამინისტრო კი არის ორგანო, რომელიც ცდილობს ყველანაირი ხარჯი შეკვეცოს - ეს მისი ბუნებრივი მიდრეკილებაა და ამაში ვერ დადებ რაიმე ბრალს, მაგრამ დღეს პირდაპირ აღიარა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პრემიერის რანგში მიღებული მისი პირველი დადგენილება, რომელიც თბილისელებისთვის შეღავათების გაუქმებას ეხება, პირადად მისი გადაწყვეტილებაა. დღეს დადასტურდა, რომ არც ფინანსთა, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც სხვა უწყება არაფერ შუაშია და რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ ვიღაცას ჭკუა ასწავლოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ქალაქის მერმა სხდომაზე მისი არდაშვების შესახებაც ისაუბრა.

,,სახელმწიფო კანცელარიაში მივედი, რადგან გვემსჯელა, როგორ შეიძლება თბილისელებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარება, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ კანცელარიის რამდენიმე თანამშრომელი გამომეცხადა და განმიცხადა, რომ არ მაქვს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება და პრემიერმინისტრისგან მივიღეთ ნოტაციები სუბორდინაციასთან დაკავშირებით, მივიღეთ მორალის კითხვა კაცობაზე. მე არ მივსულვარ იქ იმისთვის, რომ რაიმე შოუ მომეწყო, მივედი კონსტრუქციული განწყობით. ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს, ხალხი მთავრობისგან ელოდება დაპირებების შესრულებას, ყველა იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც თუნდაც აქამდე არსებობდა - სწორედ ამიტომ აირჩია ხალხმა ეს პარტია“, - აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. 

კომენტარები