პოლონეთის საგამოძიებო სამსახურებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს სმოლენსკთან ჩამოვარდნილ ტუ-154-ის ნაწილებზე, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ემსხვერპლა, - იუწყება სააგენტო Reuters-ი, გაზეთ Rzeczpospolita-ზე დაყრდნობით.
პოლონური გამოცემა Rzeczpospolita-ი წყაროს დასახელების გარეშე იუწყება, რომ ტრინიტროტოლუოლის კვალი თვითმფრინავის კაბინისა და ფრთების ნაწილში აღმოაჩინეს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლონეთის სამხედრო პროკურორი დღეს საღამოს განცხადების გაკეთებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან თვითმფრინავის ჩამოვარდნას 96 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლები.
რუსეთის საგამოძიებო უწყებები ავიაკატასტროფის მიზეზად ხომალდის ეკიპაჟის მოქმედებას ასახელებდნენ. პოლონური მხარე კი დისპეტჩერების შეცდომაზე საუბრობდა.
პოლონეთის ზოგიერთი მემარჯვენე ჯგუფი, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტია - უფლება და სამართლიანობა, არ ეთანხმება გამოძიების ვერსიებს ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით და პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო მაღალჩინოსნების მკვლელობაზე საუბრობს.




