მთავარი პროკურორი

არჩილ კბილაშვილი: პირობითად ვიღებთ ტაიმაუტს, რომ ორგანო განახლდეს

დღეს, 30 ოქტომბერს, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ბრიფინგი გამართა და მოქმედ პროკურორებს მოუწოდა, სასამართლოებში უკვე ჩანიშნული საქმეების არსებითი განხილვა ორი კვირით გადადონ. მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ ამ საქმეების განხილვა ახალი პროკურორების პირობებში უნდა მოხდეს. 
არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ორი კვირის ვადაში უკვე დანიშნული იქნებიან ახალი პროკურორები, რომლებიც მოახდენენ საქმეების ხელახლა გადახედვას.
„ამით, ვფიქრობ, საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც თავს აარიდებს უკანონო განაჩენების გამოტანას“, - აცხადებს მთავარი პროკურორი.
მთავარმა პროკურორმა ვრცლად ისაუბრა მის უწყებაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე. მისი თქმით, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ცვლილებები განხორციელდება ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელობაში. დაგეგმილია საოლქო და თბილისის პროკურორების შეცვლაც. 

„ერთ კვირაში ვიზრუნებთ საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე, პირობითად ვიღებთ ტაიმაუტს, რომ ორგანო განახლდეს. ეს ერთი კვირა სწორედ ამისათვის იქნება გამოყოფილი. მოვუწოდებ საზოგადოებას, ვისაც სურვილი აქვს პროკურატურაში იმუშაოს, გამოაგზავნოს CV ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ იმეილზე www.justice.gov.ge უახლოესი ორი დღის განმავლობაში“, - განაცხადა კბილაშვილმა. 

მთავარმა პროკურორმა მიმართა იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც თავს დანაშაულის მსხვერპლად მიიჩნევენ და აქამდე „შიშის ფაქტორის” გამო ჩუმად იყვნენ. კბილაშვილი მათ მოუწოდებს, პროკურატურას მიმართონ და პირობას დებს, რომ მათ განცხადებებს შეისწავლიან.

კომენტარები