სამთავრობო პროგრამა

ახალი მთავრობის ახალი თავდაცვა

ახალი მინისტრთა კაბინეტის სამთავრობო პროგრამის ნაწილი, რომელიც თავდაცვის სფეროს მიეძღვნა, ძირითადად ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამის თავს იმეორებს. თუმცა, გარკვეული განსხვავებით. ამავე დროს, თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ალასანია მომავალი პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრობს, რომლებიც საპროგრამო დოკუმენტებში გაწერილი არ არის.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის თავი, რომელიც თავდაცვის სფეროს შეეხება, 18 პუნქტისგან შედგება. მათი უდიდესი უმრავლესობა სამთავრობო პროგრამის ტექსტში თითქმის უცვლელადაა გადატანილი. 

პირველ პუნქტში ახალი მთავრობა პირობას დებს, რომ „დასავლური სტანდარტებისა და მეთოდების შესაბამისად“, ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს და შესაბამის პოლიტიკას წარმართავს.

დღეისთვის სახელმწიფო პოლიტიკას უსაფრთხოების სფეროში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია განსაზღვრავს, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დასაწყისში დაამტკიცა. წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, რომელიც 2005 წელს იყო მიღებული, მასში მთავარი საფრთხედ ქვეყნისთვის მისი ტერიტორიების ოკუპაცია და რუსული აგრესიის გამეორების საშიშროებაა მითითებული. ახალი მთავრობა, როგორც პროგრამიდან ირკვევა, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების ხელახლა გაანალიზებას და შესაბამისი ახალი დოკუმენტის შემუშავებას აპირებს.

როგორც ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში, ასევე სამთავრობო პროგრამის ტექსტში საუბარია სამხედრო ძალების საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის სრულყოფაზე. სავალდებულო გახდება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტისათვის საჯარო ანგარიშების წარდგენა, მათ შორის, ფინანსურ საკითხებზე.

მაგრამ, ქართულმა ოცნებამ უარი თქვა საკუთარ წინადადებაზე იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო ნდობის ჯგუფში, რომლისთვისაც უწყების ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, დაცული უნდა იყოს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლობითი ბალანსი. ეს პირობა სამთავრობო პროგრამის ტექსტში აღარ შევიდა.

მასში ასევე ვერ მოხვდა პირობა „სამოქალაქო ზედამხედველობის მრჩეველთა საბჭოს“ შექმნისა და მედიასთან მჭიდრო ურთიერთობისთვის შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების შესახებ

ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ახალი მთავრობა მიიჩნევს თავდაცვის უწყების „დეპოლიტიზაციას“ და კადრების შერჩევას „მხოლოდ პროფესიული ნიშნით“.

სამთავრობო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ფუნქციების განაწილებას თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებულ შტაბს შორის და სამხედრო საქმისა და სამოქალაქო-პოლიტიკური ფუნქციების „მკვეთრად გამიჯვნას“. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების პროგრამა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალების აღდგენას ითვალისწინებდა. ეს სტრუქტურები 2008 წლის შემდეგ გაუქმდა, საჰაერო ძალების ქვედანაყოფები სახმელეთო ძალების შემადგენლობაში შევიდა, საზღვაო ძალები კი გაუქმდა. ხოლო სანაპირო დაცვა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტს ექვემდებარება.

ჯარების ამ სახეობების აღდგენის გეგმები სამთავრობო პროგრამაში ვეღარ მოხვდა. მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ ქვეყანას ცალკე საჰაერო და საზღვაო ძალები არ სჭირდება.

ახალი მთავრობაც აღიარებს რეზერვის სისტემის არსებობის აუცილებლობას. თუმცა, როგორც რეზერვის, ასევე სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სისტემის რეფორმირებას გეგმავს. 

ქართული ოცნების პროგრამის თანახმად, სამხედრო-სავალდებულო სამსახური 6-8-თვიანი უნდა გახდეს. ამავე დროს, „მოხდება ორჯერ მეტი წვევამდელის გაწვევა და მათი პოტენციურ სამხედრო რეზერვისტებად მომზადება“.

სამთავრობო პროგრამაში ეს დეტალები დაკონკრეტებული აღარ არის. თუმცა, როგორც ირაკლი ალასანიამ, ასევე ახალი მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დაადასტურეს, რომ გაწვევის ვადა, რომელიც ამჟამად 12 თვეს შეადგენს, 6-8 თვემდე შემცირდება, გაწვევის ასაკი კი შესაძლოა 18-ის ნაცვლად 19 წელი გახდეს.

გარდა ამისა, მთავრობა სამოქალაქო თავდაცვის ეფექტური სისტემის, საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინის, სამხედროებისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და სოციალური გარანტიების შექმნას გეგმავს. ასევე - განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას სამხედრო განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართ.

მთავრობა პირობას დებს, რომ შეიქმნება სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი. აგრეთვე, გადაიხედება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევის ყველა საქმე.

პროგრამის მიხედვით, „NATO-ში ინტეგრაციის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა შესაბამისი რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად“.

როგორც ირაკლი ალასანიამ მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა, უნდა შეიქმნას ახალი სამხედრო დოქტრინა, ასევე გაანალიზდეს წინა წლების „სამხედრო წარუმატებლობის მიზეზები“.

მან შეიარაღებული ძალების რეფორმირების შესახებაც გამოთქვა მოსაზრებები, რომელიც მთავრობის პროგრამაში აღარ შესულა. კერძოდ, ჯარის რიცხოვნობის შემცირების შესახებ. 

რუსულ სააგენტო РИА Новости-ს მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ალასანია აცხადებდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები „ძალიან პატარა, მაგრამ მობილური“ უნდა იყოს. მისი თქმით, ამჟამად შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 30 ათასს აღემატება და მას „აქვს გეგმა, ეს როგორ უნდა შეიცვალოს“. საქართველოსთვის მთავარ საფრთხეებს შორის ალასანიამ ტერორიზმი და ექსტრემიზმი დაასახელა და აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა სწორედ ამ საფრთხეებზე რეაგირება იქნება.

ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები „შეტევითი ოპერაციების წარმოებას არ აპირებენ“, რადგან კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის განსაზღვრული.

კომენტარები