სამთავრობო პროგრამა

ეკონომიკა და გადასახადები სამთავრობო პროგრამაში

„საარჩევნო ბლოკ ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების მიერ შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებს და ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და იმ თანამედროვე მიდგომებს, რომელიც გამოკვეთს სახელმწიფოს როლს სოციალური კეთილდღეობის და სოციალური უსაფრთხოების საქმეში“, წერია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში. ეს დებულება სამთავრობო პროგრამაშიც შენარჩუნებულია.

სამთავრობო და საარჩევნო პროგრამების მიხედვით, ქვეყნის მიზნობრივი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები იქნება სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო მეწარმეობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება.

კოალიციის საარჩევნო გეგმის მიხედვით, სისტემური ცვლილების პერიოდში საკვანძო როლი სახელმწიფომ უნდა დაიკავოს, ეკონომიკის განვითარების მოდელად კი მდგრადი განვითარების მოდელი შეირჩა.

კოალიცია საარჩევნო პროგრამაში, ეკონომიკის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ექსპორტის სტიმულირებას და იმპორტის ჩანაცვლებას აპირებდა. ეს მიდგომა სამთავრობო პროგრამაშიც შენარჩუნებულია, თუმცა კონკრეტულად რომელ სფეროებში აპირებს მთავრობა მის დანერგვას, ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული. ექსპორტის მხრივ, სამთავრობო და საარჩევნო პროგრამებში, ყურადღება გამახვილებულია აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე. თუმცა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართული პროდუქცია ევროპული და ამერიკული ბაზრისთვის მზად არ არის.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო წარმოება გაიზრდება, მოხდება მისი და მცირე ბიზნესების „ირიბი სუბსიდირება“ და აღმოიფხვრება „შემოსავლების განაწილებაში არსებული დიდი უთანაბრობა და ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას“. მცირე ბიზნესში უმთავრესი როლი, საარჩევნო პროგრამის თანახმად, ოჯახმა უნდა დაიკავოს. სასოფლო- სამეურნეო ფონდის ბედი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მისი შექმნა სამთავრობო პროგრამაშიც ეკონომიკის განვითარებისთვის ცენტრალურ ადგილს იკავებს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულად ვერ ასახელებენ, თუ რამხელა იქნება ფონდი, როგორ დაფინანსდება და როდის დაიწყებს ფუნქციონირებას. ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ მოიძებნება ამ ფონდის დასაფინანსებლად, მის შესავსებად სხვა, კანონიერ გზებს მონახავს. მან ირიბად იმაზეც მიუთითა, რომ პერსონალური თანხის გამოყენებასაც არ მოერიდება. სოფლის მეურნეობის ფონდის შესახებ იმსჯელეს მთავრობის პირველ შეხვედრაზეც, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფონდის შექმნაზე უკვე აქტიური მუშაობა დაიწყო, მაგრამ პირველ რიგში უნდა შედგეს გეგმა, თუ რა არის საჭირო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

წინასაარჩევნოდ, ქართული ოცნება აკრიტიკებდა ხელისუფლების პრივატიზაციის პროგრამებს ამ პროცესის გაუმჭვირვალობის გამო და აცხადებდა, რომ სტრატეგიული ობიექტების დეფინიცია გადაიხედებოდა და მათზე სახელმწიფო კონტროლი გაიზრდებოდა. ეს გეგმა სამთავრობო პროგრამაში აღარ გვხვდება.

საარჩევნო პროგრამაში კოალიცია ამომრჩეველს ბაზრის მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიებისგან გათავისუფლებასაც ჰპირდებოდა. მონოპოლიების თემა ერთ-ერთი პირველი იყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მაშინ პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიზნესმენებს შეხვდა და ფასების ნებაყოფლობით დაწევა მოსთხოვა. რამდენიმე ნავთობკომპანიამ ბენზინზე ფასი შეამცირა, რაც მოსახლეობის ნაწილმა მონოპოლიების შევიწროებად და, საბოლოო ჯამში, მათი დაშლის პირველ ნაბიჯად აღიქვა. ეკონომისტების ნაწილმა კი, ამაში, რეალურად, არა მონოპოლიების დაშლა, არამედ ბიზნესში სახელმწიფოს უხეში ჩარევა და მომავალში ბიზნესგარემოსთვის სახიფათო ტენდენცია დაინახა. ნავთობკომპანიების გარდა, ქართული ოცნების შეფასებით, საქართველოში სხვა ბევრი მონოპოლია არსებობს. ეს კი ეკონომიკის ბევრ დარგში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის საშიშროებას აჩენს.

სამთავრობო და, ასევე, საარჩევნო პროგრამებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კეთილდღეობის საკითხს. კოალიციის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, არამედ მოსახლეობისთვის კეთილდღეობის შეგრძნება. ორივე პროგრამაში საუბარია შემოსავლების განაწილებაში არსებული მაღალი უთანასწორობის დაძლევაზე.

საარჩევნო პროგრამაც და სამთავრობო გეგმაც ყურადღებას ამახვილებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.

ორივე პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტია დასმული შრომის კოდექსის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე. მთავრობის რამდენიმე წევრის მიერ უკვე გაცხადდა ხელისუფლების გეგმა ამ მიმართულებით: მინიმალური ხელფასის დაწესება და მისი საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლება.

ეკონომიკის მიმართ ახალი ხელისუფლების მიდგომებში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია კომუნალური ტარიფების შემცირებას. გარდა ოფიციალური პოზიციისა, რომელიც საარჩევნო და სამთავრობო პროგრამებშია დაფიქსირებული, ხელისუფლების წევრებმა მრავალჯერ განაცხადეს, რომ ტარიფები ხელოვნურად არის გაზრდილი - ამიტომ ისინი გადაიხედება და შემცირდება.

უმუშევრების პრობლემის დაძლევის საკითხზე საარჩევნო პროგრამაც და მთავრობის გეგმაც ბუნდოვანია და მოქალაქეებს კონკრეტულ სტრატეგიას არ სთავაზობს. ამ მხრივ, მხოლოდ შრომის კოდექსის დახვეწა დასახელდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა სპეკულაციები უმუშევრობის კომპენსაციის შესახებაც. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე არაერთმნიშვნელოვან გზავნილებს აკეთებდნენ, თუმცა საბოლოოდ, მთავრობამ განაცხადა, რომ ამისთვის სახელმწიფოს სახსრები არ გააჩნია.

ხელისუფლება საარჩევნო პროგრამაშიც და სამთავრობო გეგმაშიც დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების დაპირებას იძლევა. ასევე, დაპირების მიხედვით, უნდა შეიქმნას ფიზიკური პირებისთვის გონიერი დაქვითვის სისტემა. ხელისუფლება აგრეთვე გეგმავს ფუფუნების საგნების დაბეგვრას, მცირე ბიზნესის დაბეგვრის სისტემის გამარტივებას, საგადასახადო დარღვევების გარკვეული ნაწილის დეკრიმინალიზაციას, ადმინისტრაციული ერთეულების საფასურის და ბაჟის შემცირებას. ყველა აღნიშნული პუნქტი სამთავრობო პროგრამაში შენარჩუნებულია.


კომენტარები