Golden Foot

ზლატან იბრაჰიმოვიჩის კიდევ ერთი ტიტული

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოპულარული საერთაშორისო პრემია Golden Foot-ი მოიპოვა. ჯილდო, რომელიც კარიერაში გამორჩეული მიღწევებისთვის 29 წელზე ასაკოვან ფეხბურთელებს გადაეცემათ, შვედმა მოთამაშემ პირველად მოიგო.

იბრაჰიმოვიჩს ძალიან ძლიერი კონკურენტები ჰყავდა ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავების იკერ კასილიასის, ხავის, კარლეს პუიოლის, კოტდივუარელი დიდიე დროგბას და იტალიელი ანდრეა პირლოს სახით, თუმცა 31 წლის ფორვარდმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ფეხბურთის მეფემ, პელემ დააჯილდოვა. პრემიის ორგანიზატორებმა ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო, თავის მხრივ, სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს - „ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე“.

იბრაჰიმოვიჩის გარდა Golden Foot-ი გადაეცათ ვეტერანებს ფრანკო ბარეზის (იტალია), ერიკ კანტონას (საფრანგეთი) და ლოთარ მათეუსს (გერმანია).

ზლატანი ამ ზაფხულს გადავიდა მილანიდან პარი სენ-ჟერმენში. ის შვედეთის ექვსგზის საუკეთესო მოთამაშეა, 2007 და 2010 წლებში კი ქვეყნის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად აღიარეს. ამას გარდა, თავდამსხმელი სამჯერ გახდა იტალიის სერია ა-ს ნომერ პირველი მოთამაშე, ოთხჯერ კი უძლიერეს ლეგიონერად დაასახელეს.

ამსტერდამის აიაქსის, ტურინის იუვენტუსის, მილანის ინტერის, ბარსელონას და მილანის შემადგენლობაში შვედეთის ნაკრების ფორვარდმა უამრავი ტიტული მოიგო: 6-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2-ჯერ მოიგო ჰოლანდიის პირველობა, ერთხელ - ლა ლიგა, ჰოლანდიის, იტალიის და ესპანეთის თასები და სუპერთასები კი საერთო ჯამში 7-ჯერ აღმართა. ბარსელონასთან ერთად მან 2009 წელს ევროპის სუპერთასი მოიპოვა, იმავე წელს კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც იმარჯვა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი წლევანდელი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

Golden Foot-ის პრემია 2003 წლიდან გადაეცემათ ფეხბურთელებს, საზეიმო ცერემონიალს კი მონტე-კარლო მასპინძლობს.

 

კომენტარები