განათლების სისტემა

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გოგი მარგველაშვილი დასახელდა

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გოგი მარგველაშვილი დაასახელა. საბჭოს წევრმა ბუბა ხოტივარმა დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აკადემიური საბჭოს ლეგიტიმური უფლება აქვს როგორც რექტორის დანიშვნის, ასევე მისი გადარჩევის.

თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი ნოშრევან ჩხაიძე კი აცხადებს, რომ აკადემიური საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მისი გადარჩევის შესახებ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღეს. მისი თქმით, იგი აღნიშნული გადაწყვეტილების იურიდულ ჩარჩოებში მოქცევამდე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

როგორც გუშინდელ სხდომაზე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ნოშრევან ჩხაიძემ გადადგომის გადაწყვეტილება საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო და რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

საბჭოს მიერ არჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლი ყოფილი რექტორი გოგი მარგველაშვილი ამ დრომდე თეატრალურ უნივერსიტეტეტში არ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილმა ჩხაიძის გადადგომა მოითხოვეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოები ითხოვდნენ, ბათილად ყოფილიყო ცნობილი რექტორის არჩევნები, რომელიც 2012 წლის 23 აგვისტოს ჩატარდა. არჩევნების შედეგად რექტორის თანამდებობა ნოშრევან ჩხაიძემ დაიკავა.

 

კომენტარები