ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობისთვის ეს უნდა იყოს გაწმენდის, განახლების ახალი ეტაპი

საქართველოს პრეზიდენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის თქმით, ეს პარტიისთვის უნდა იყოს განახლებისა და ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი.

„მადლობა უნდა ვუთხრა ჩვენს ყველა ადგილობრივ აქტივისტს. ძალიან ბევრი ეწერება ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში გვჭირდება ახალი ხალხი, განახლება, ახალი სისხლი. ჩვენ გვჭირდება ყველა ასაკის ადამიანი და მათ შორის ახალგაზრდები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს ძალიან დიდი ხნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა შექმნა. „ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის, ეს უნდა იყოს გაწმენდის, განახლების, ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნებს სიძლიერეს და გადამწყვეტ როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრების იდეას პარტიის გენერალურ მდივნად ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შესახებ.  „ვანოს აქვს კარგი ორგანიზაციული გამოცდილება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ მიიღო სისტემა, როცა პარლამენტში შევიდა ორი ძლიერი პარტია. ასეთი კონფიგურაციის ჩამოყალიბება საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში პირველად მოხდა. „ ეს სწორად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ამოცანა არაა ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა, პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბერკეტი გვქონდა შეგვენარჩუნებინა ძალოვანი მინისტრები, შეგვენარჩუნებინა გავლენა სხვადასხვა დონის უწყებაში, პრაქტიკულად, ყველაფერი, რისი გადაბარებაც შეიძლებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების კუთხით, გადავეცით საქართველოს იმ მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ახალ მთავრობას უტოვებენ  საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურსს.

„ჩვენ მას ვუტოვებთ არა მარტო ბევრ ბერკეტს, არამედ ვუტოვებთ ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურსს, რომელიც ოდესმე ჰქონია საქართველოს უახლეს ისტორიას. ესაა მთავრობის წესიერი, ხელდაკაპიწებული მუშაობის შედეგი. ჩვენ შევქმენით სისტემა, რომლითაც ყველაფერი ხმარდებოდა სახელმწიფოს და ბიუჯეტს. ამასთან, ჩვენ ვუტოვებთ შემდეგ მთავრობას ძალიან კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუტებს, ძალიან კარგ ინფრასტრუქტურას, ამიტომ მათ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენონ თავიანთი დაპირებების შესასრულებლად და იმ მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ქართველ ხალხს გაუჩნდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები