ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვანო მერაბიშვილი - ნაციონალური მოძრაობის ახალი გენერალური მდივანი

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ბრიფინგზე აცნობეს.

ბრიფინგში პარტიის ლიდერები და ნაციონალური მოძრაობის ყველა ის ცნობილი წევრი მონაწილეობდა, რომელიც პარლამენტსა თუ თბილისის საკრებულოშია წარმოდგენილი.

როგორც პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ვანო მერაბიშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი: მისი ეს გამოცდილება პარტიას მომავალშიც გამოადგება.

ვანო მერაბიშვილის თქმით, განახლებული ნაციონალური მოძრაობა ახალ სამოქმედო გეგმაზე გადადის, რომელიც თანამედროვე და ახალ პარტიას შექმნის.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ნაციონალური მოძრაობის თითოეულ აქტივისტს, რომლებიც წლების განმავლობაში თითოეულ საარჩევნო უბანზე, თითოეულ ქუჩაზე, თითოეულ სოფელში იცავდნენ ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ ამავე დროს მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო მოვლენების შემდეგ, როცა ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა არჩევნებში, გვაჩვენა, რომ საჭიროა ნაციონალური მოძრაობის განახლება და მე მაქვს გეგმა, ჩვენ მეგობრებთან ერთად შევქმნათ ახალი, თანამედროვე პარტია იმიტომ, რომ ამ წლებში ქვეყანა შეიცვალა, შეიცვალა ჩვენი საზოგადოება, ქვეყანა განვითარდა წავიდა წინ და ნაციონალური მოძრაობა გახდება ახალი, თანამედროვე ტიპის პარტია და ის ჩაუყრის საფუძველს საქართველოში მყარი დემოკრატიის შექმნას, იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა ახალი სახელმწიფო და ახლა მას აქვს ამოცანა შექმნას ახალი ტიპის ოპოზიციური მოძრაობა. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის და იქნება ხელისუფლებაში დაბრუნება“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

კომენტარები