დიპლომატიური სამსახური

უსუფაშვილი დიპლომატიური პასპორტების შესახებ ბრძანებაში შესულ ცვლილებას ეხმაურება

"პასპორტის თემა მოგეხსენებათ, არის არა ქვეყნის დატოვების, არამედ რომელიმე სხვა სახელმწიფოში შესვლის საკითხი. დიპლომატიური პასპორტით უფრო ადვილად შესაძლებელია სხვა ქვეყნებში შესვლა. შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს გაუჩნდა იმის განცდა, რომ მისი მთავრობის წევრებს რომელიმე ქვეყანაში ჩვეულებრივი პასპორტებით არ შეუშვებენ და დამატებით ზომებს იღებს",  განაცხადა პარლამენტის სპიკერობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა. აღნიშნული კომენტარი უსუფაშვილმა ”საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ”  ბრაძაბაში შესულ ცვლილებებზე გააკეთა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი თანამდებობის პირების ნაწილს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდებათ. ასეთი თანამდებობის პირებს მიეკუთვნებიან: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მდივნის მოადგილეები, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები, გენერალური პროკურორი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, პრეზიდენტის მრჩევლები, თანაშემწეები, პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, ამავე სამსახურის მთავარი კონსულტანტები და კონსულტანტები, ასევე მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უშიშროების, ევროინტეგრაციის კომიტეტების აპარატის უფროსები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორის მოადგილეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, თბილისის მერი, პრემიერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, სამინისტროსა და უცხოეთის ქვეყნებში არსებული მის დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლები, საპატიო კონსულები, სამხედრო მისიათა მეთაურები და სხვა თანამდებობის პირები. 

კომენტარები