ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტის გადადგომა არც ჩემი და არც კოალიციის მოთხოვნა არ არის

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობებზე საუბრობს.

,,ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან. რაც შეეხება ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად.’’-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი მოქმედ მთავრობასა და პრეზიდენტთან კონსულტაციებისთის. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

ქართული ოცნების ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე სახელმწიფო ორგანოების გამართულ მუშაობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა მოქმედ მთავრობას ეკისრება. 

კომენტარები