ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს ულოცავს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას და კიდევ ერთ მიღწევას დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამდივნოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რეგიონს უჩვენეს მაგალითი კონკურენტული საარჩევნო კამპანიის ჩატარებით, საკუთარი დემოკრატიული უფლებების თავისუფლად განხორციელებითა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით.
"ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ჩათვლით, წვლილი შეიტანეს გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაში. იმის მიუხედავად, რომ საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, ეს არჩევნები შეიძლება ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვალოს.” - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამდივნოს განცხადებაში.
თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებმა და საქართველოს ახალმა პარლამენტმა ერთად უნდა იმუშაონ ეროვნული ერთობის სულისკვეთებით, რათა გარანტირებული იყოს შემდგომი პროგრესი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე, ქართველი ხალხისა და რეგიონის საკეთილდღეოდ.
”ამერიკის შეერთებული შტატები ქართველების გვერდით დგას და მიესალმება ამ ისტორიულ არჩევნებს. პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდება საქართველოსთან ახლო თანამშრომლობისა და ორმხრივი მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებას". - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.




