მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშრებით ახალი მიმართვა გაავრცელა.

,,საპარლამენტო არჩვენების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიციამ. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ პროცესს, იმისა, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.’’-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმ განსხვავებებზეც ისაუბრა, რაც ნაციონალურ მოძრაობისა და კოალიცია ქართული ოცნების შეხედულებებს შორის არსებობს და ხაზი გაუსვა დემოკრატიის მნიშვნელობას.

,,ჩვენთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო და არის ამ კოალიციის შეხედულებები, ჩვენს შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა ვცემთ ძალიან დიდ პატივს. ამავე დროს, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მინდა ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში.’’-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რომლებიც ქვეყანამ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოიპოვა.

,,ჩვენ, როგორც ოპოზიციური ძალა ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ყველაფერი რაც შეიქმნა ბოლო წლებში, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს გათანამედროვეობის კუთხით, ახალი ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით მაქსიმალურად დავიცვათ და შევუნახოთ შემდეგომ თაობებს.’’-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებში მონაწილე უმრავლესობის გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემა გამოხატა და ნაციონალური მოძრაობისა და მთავრობის კურსის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები