ქართული ოცნება

ივანიშვილი: პარლამენტში ქართულ ოცნებას ორი მესამედი ეყოლება

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მე-9 არხის ეთერში განაცხადა, რომ მისმა კოალიციამ გამარჯვება როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით მოიპოვა.

„ჩვენ ვიგებთ ყველა რეგიონს, გარდა სამცხე-ჯავახეთისა. მე ვამბობდი, რომ პარლამენტში 50 მაჟორიტარს გავიყვანდი, თუმცა მგონი მეც კი შემეშალა – შეიძლება 60 მაჟორიტარის შეყვანაც მოვახერხოთ.  ვვარაუდობთ, რომ 100, შეიძლება 120 ადგილიც გვაქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ ქართველ ხალხს. აი ნახეთ, ორი მესამედი ვთქვი, როგორც კი მოვედი პოლიტიკაში. გარწმუნებთ, რომ არანაკლებ ორი მესამედის გვეყოლება პარლამენტში“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა. მის თქმით, მისი ამგვარი „ანალიზით“უცხოელებიც „გაოცებულები იყვნენ“.

იგი მიესალმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა აღიარა წაგება პროპორციული სისტემით და მაჟორიტარული სისტემითაც მარცხის აღიარება მოუწევს, რათა „მოახერხოს სახის შენარჩუნება“.

რაც შეეხება საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არ ისურვა ესარგებლა საკონსტიტუციო ცვლილებებით და პარლამენტში კენჭი არ იყარა. ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ როდესაც ქართული ოცნების გამარჯვება „გაფორმდება“, „სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება“ მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების თაობაზე. რის შემდეგაც პარლამენტი მას პრემიერ-მინისტრად დაამტკიცებს.

პარლამენტის მომავალ შემადგენლობაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს სურვილი მომავალი პარლამენტი ერთპარტიულ იყოს. ამიტომ, მისი თქმით, ქართული ოცნება სულ მცირე სამ ფრაქციად გაიყოფა. თუმცა, ამ ფრაქციებს ექნებათ საერთო ხედვა მთავარ საკითებში.

 

კომენტარები