დასასვენებელი კომპლექსი

მიხეილ სააკაშვილი დედოფლისწყაროში დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედოფლისწყაროს ესტუმრა, სადაც „ქოჩების ტბის“ დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, პლაჟი, მოედანი სპორტული ზონა - მინი ფეხბურთის, კალათბურთის და ბავშვთა სათამაშო მოედნები, სავარჯიშო ტრენაჟორები, ასევე გაკეთდება სათევზაო ზონა, ტყეში მოეწყობა საპიკნიკე ზონა და ავტოსადგომი.

ახალი დასასვენებელი კომპლექსის პროექტის გაცნობისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს რუკაზე დედოფლისწყაროს სახით კურორტი გაჩნდება.

დასასვენებელი კომპლექსი იქნება საჯარო და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს მისი ტერიტორიით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 50 ადამიანი, ხოლო დამატებით 50 ადამიანი სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას დასაქმდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 

კომენტარები