განათლების სისტემა

განათლების სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის 8+1 პრეზენტაცია გაიმართა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის 8+1 პრეზენტაცია გაიმართა. ახალი საგამოცდო პროგრამა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს განათლების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, ახალი ერთიანი საგამოცდო პროგრამა ფარავს ერთდროულად ორ დონეს, ატესტატის მიმღებთა და აბიტურიენტთა.

საგამოცდო მოდელი 8+1 შემდეგ სიახლეებს ითვალისწინებს: დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვალდებულია 8 საგანში ჩააბაროს გამოცდა; სააბიტურიენტო კონკურსში მისაღებად მოსწავლე სურვილისამებრ ირჩევს პროგრამებს და დამატებით აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას; გამოცდები კომპიუტერზე ჩატარდება; ქართულისა და უცხო ენის წერითი დავალებები ქაღალდზე შესრულდება; უცხოური ენების საგამოცდო ფორმატს მოსმენის (Listening)-ის კომპონენტი დაემატება.

ახალი საგამოცდო მოდელის პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სექტემბრის ბოლოს საგამოცდო პროგრამები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება, ასევე ოქტომბრის ბოლოს უნივერსიტეტებისა და აკადემიური პროგრამების შესახებ ცნობარი გამოიცემა, ხოლო მეორე სემესტრიდან სკოლებში აბიტურის საათებს საგანი “საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები” დაემატება და მოსწავლეები ახალი ტესტის ფორმატზე კომპიუტერებთან ივარჯიშებენ.

 

კომენტარები