ენერგეტიკული რევოლუცია

მოგებულები და წაგებულები

ექსპერტები წლების განმავლობაში დამაჯერებელი ტონით საუბრობდნენ იმაზე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მსოფლიოს ნავთობის მარაგი გაუთავდებოდა, რასაც სერიოზული ცვლილებები უნდა მოეტანა; ხოლო თუ ამ ახალ თამაშში ამერიკას გლობალური გავლენის შენარჩუნება სურდა, მწვანე ენერგიაზე უნდა ეფიქრა.

ამ რიტორიკას ეკონომისტმა მაიკ მანგერმა რამდენიმე წლის წინათ ასე უპასუხა: „ყველა იმ იდიოტობას შორის, რასაც ხალხი იჯერებს ხოლმე, ნავთობის პიკს უდავოდ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკუთვნის”.

როგორც ჩანს, მანგერი მართალი იყო და ნავთობის პიკი ჯერ არ დადგება – ფიქლის ნავთობისა და სხვა არაკონვენციური წყაროების წყალობით კი, პირიქით, შეიძლება უფრო მშვიდი, ენერგეტიკულად დივერსიფიცირებული და დაბალანსებული მსოფლიოც კი მივიღოთ.

ვინ დარჩება მოგებული?

კანადა – დაახლოებით სამი ტრილიონი ბარელი კონვენციური ნავთობით თავის კუპრის ქვიშებში და შეერთებული შტატები – დაახლოებით ტრილიონი ბარელი ფიქლის ნავთობით შეიძლება უახლოეს მომავალში მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის გიგანტებად ჩამოყალიბდნენ. უოლტერ რასელ მიდის შეფასებით, თითოეული ეს ქვეყანა ნავთობით უფრო მდიდარია, ვიდრე ერაყი, ირანი და საუდის არაბეთი ერთად აღებული.

გამოკვეთილ მოგებულებს შორის შეიძლება ასევე ვიხილოთ ისრაელიც. მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს მიხედვით, რომელიც 93 ქვეყნის ორგანიზაციებს და კომპეტენტურ პირებს აერთიანებს, ისრაელს მოცულობით შეიძლება ფიქლის ნავთობის მესამე ყველაზე დიდი რეზერვი ჰქონდეს – დაახლოებით 250 მილიარდი ბარელი. ისრაელში ფიქლის ნავთობზე მომუშავე კომპანიებმა უკვე მიაგნეს დაახლოებით 5 მილიარდი ბარელის ოდენობის ნავთობს და დაახლოებით ტრილიონი კუბური ფუტის ოდენობის გაზს. ისრაელის გაზის ზღვისქვეშა რეზერვები დღეის მდგომარეობით 16 ტრილიონ კუბურ ფუტად არის შეფასებული. ამასთან, უკვე აღმოჩენილს ახალი პოტენციური რეზერვებიც სულ უფრო სწრაფად ემატება.

კიდევ ერთი მოგებული, თუმცა ბევრად ნაკლები მასშტაბით, ჩინეთიცაა. ფიქლის ნავთობის რეზერვებით ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორეა ამერიკის შემდეგ და აშშ-ის რეზერვების ნახევარს ფლობს. რასელ მიდის შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკამ თუ ზრდის ტემპი შეინარჩუნა, მაშინ ფიქლის ნავთობის მარაგი მისი მხრიდან ენერგიის იმპორტს კი შეამცირებს, მაგრამ მთელ მოთხოვნას მაინც ვერ დააკმაყოფილებს. მაშინ, როცა კანადამ, ახალი ტექნოლოგიების დამუშავებით, შეიძლება მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლოს, ისრაელმა კი – მესამეზე.

ვინ დარჩება წაგებული?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო ადვილია, ვიდრე მოგებულების შემთხვევაში. ახალ ენერგეტიკულ თამაშში აშკარა წაგებულები გამოდიან რუსეთი და სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარი ქვეყნები. თუმცა ეს ორი სხვადასხვა ტიპის წაგებაა. სპარსეთის ყურის ქვეყნების შემთხვევაში, ნავთობის ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას დიდი ეკონომიკური გავლენა არ ექნება, რადგან მათ მსოფლიოს უიაფესი ნავთობი ერგოთ, მისი დამუშავება და წარმოება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე არაკონვენციური გზით მიღებული ნავთობის, ამიტომ მათი ნავთობის ველები ამ ქვეყნებს მოგებას ყოველთვის მოუტანს.

რაც შეეხება რუსეთს, ის გაცილებით დიდი დარტყმის ქვეშ მოყვება: მისი ნავთობის და გაზის წარმოება უფრო ძვირია, ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქვეყნის მოგება შემცირდება. თუმცა ეკონომიკურზე მეტად, ნავთობის არაკონვენციური წყაროები ამ ქვეყანას პოლიტიკურ დარტყმას აყენებს: ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში, რუსეთს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა ექნება, იმპორტიორი ქვეყნები დააშანტაჟოს და ნავთობსა და გაზზე ფასების მანიპულირებით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. ნავთობი და გაზი რუსეთის ხელში ისეთი გამორჩეული იარაღი ვეღარ იქნება, როცა სხვა ქვეყნების მარაგები გაიზრდება და მათი დისტრიბუცია უფრო ფართო არეალზე მოხდება.

დღეს რუსეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე და, ამასთან, მისი ყველაზე დიდი იმედი, ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი გაზის დიდი რეზერვებია. საფრთხე იმიტომ, რომ ეს ქვეყნები – საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი მისი პირდაპირი კონკურენტები გამოდიან. იმედი იმიტომ, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა როგორმე ამ წყაროების ექსპლუატაციის პროცესში ჩაერთოს: ყველა ეს ქვეყანა მზადაა რუსეთთან ითანამშრომლოს, როცა საქმე რეზერვების აღმოჩენასა და მათ დამუშავებას ეხება.

რასელ მიდის თქმით, გაზპრომი მშიერი არ დარჩება, თუმცა მას ნამდვილად აღარ ექნება იმის ძალა, რომ დასავლეთ ევროპაში გაზის მიწოდება ერთპიროვნულად აკონტროლოს. საბერძნეთი აპირებს, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით

ახალი მილსადენები ააშენოს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს საბერძნეთის მთავრობასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და რუსული კომპანიებიც ამ ქვეყანაში გაზის ბიზნესში საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილნი, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერძნები რუსებს ევროპისთვის გაზის ონკანების თვითნებურად გახსნა-ჩაკეტვის უფლებას მისცემენ. ამდენად, რუსეთი გააგრძელებს ფულის კეთებას ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიყიდვის ხარჯზე, თუმცა გაცილებით ნაკლებ ფასად და ნაკლები პოლიტიკური დივიდენდებით.

ქვეყნებს თუ მოვშორდებით და ენერგეტიკული რევოლუციის მიერ გლობალურ ჭადრაკის დაფაზე გადანაცვლებულ ფიგურებს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სხვა ტიპის წაგებულებიც არსებობენ – მწვანეები – მათთვის მსოფლიოზე ავბედით შავ ღრუბლად დაკიდებული ენერგეტიკული კრიზისი კარგი ამბავი იყო: მოსალოდნელი საფრთხით ისინი მზის და ქარის ენერგიას ლობირებდნენ, რითაც ჭკვიან მწვანე ენერგიაზე ორიენტირებულ ინვესტორებს დიდი შემოსავალი გარანტირებული ჰქონდათ. თავიანთი მწვანე პოლიტიკის მხარდასაჭერად, ლობისტები ხშირად აპელირებდნენ არადემოკრატიულ, საფრთხის შემცველ შუა აღმოსავლეთზე და ცდილობდნენ, ხალხის უარყოფითი დამოკიდებულებები ამერიკაში და მთელ მსოფლიოში ძვირადღირებული მწვანე პოლიტიკის გატარებისთვის აუცილებელ მხარდაჭერაში გადაეზარდათ: ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სწორედ ის არგუმენტი იყო, რომელიც ხალხისთვის ყველაზე დამაჯერებელი ჩანდა.

ფიქლის ბუმი მწვანეებისთვის ცუდი ამბავია: ქვანახშირთან შედარებით, გაცილებით სუფთაა გარემოსთვის და თან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის რეალური ბერკეტია.

ფიქლის წინააღმდეგ მწვანეების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მისი დამუშავებისთვის აუცილებელმა პროცედურამ, ქანების გაბურღვამ, შეიძლება მიწისქვეშა წყლები დააბინძუროს, თუმცა დღემდე ვერც ამერიკის ენერგეტიკულმა ბიურომ და ვერც სხვა რომელიმე ორგანიზაციამ მიწისქვეშა წყლების დაბინძურების ფაქტები ვერ აღმოაჩინა.

ფიქლის და სხვა არაკონვენციური წყაროების დამამუშავებელი ახალი ტექნოლოგიების სწრაფი პროგრესი ამ რეზერვების უპრობლემოდ დამუშავებას სულ უფრო მეტად აადვილებს. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ფიქლის დამამუშავებელ ტექნოლოგიებს ბოლომდე აითვისებს და დახვეწს და, ამასთან, ქვანახშირთან შედარებით ფიქლის უპირატესობები უფრო აშკარა გახდება, მსოფლიო სულ უფრო მეტად მოტივირებული იქნება, რომ თავისი პოტენციალი აითვისოს. ამ შემთხვევაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ცარიელი სიტყვები აღარ იქნება.

უხვი ენერგია გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. შედეგად, მსოფლიო სისტემა უფრო ძლიერი და სტაბილური იქნება. ქვეყნებისთვის თანამშრომლობა მაშინ უფრო ადვილია, როცა ეკონომიკურად წელში გამართულები არიან.

ამერიკაში, 2008 წლის კრიზისის შემდეგ, მხოლოდ ფიქლის ბურღვით სამუშაოებზე 600 ათასი ადამიანი დასაქმდა. ამას რომ დავუმატოთ პერსონალი, რომელიც საჭიროა ფიქლის ქანებისგან ნავთობის და გაზის გამოთავისუფლებისთვის, ასევე, წარმოებისა და დამუშავებისთვის, გამოვა, რომ ფიქლის ბუმი არა მხოლოდ ენერგეტიკული რევოლუცია, არამედ დასაქმების რევოლუციაცაა.

ამ ტიპის სამუშაოზე ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. მართალია, დაბალი კვალიფიკაციის მქონე, ინგლისური ენის არმცოდნე ადამიანებს ამ ინდუსტრიაში სამსახურის შოვნა გაუჭირდებათ, მაგრამ სამაგიეროდ, მათ შესაძლებლობა გაუჩნდებათ, შედარებით უფრო დაბალანაზღაურებად საქმეს – ინდუსტრიისა და მისი მუშახელის სერვისის უზრუნველყოფას მოჰკიდონ ხელი: ისინი ააშენებენ სახლებს იმისთვის, რომ ნავთობის მოპოვებაზე დასაქმებულმა ადამიანებმა სამუშაოს ახლოს ცხოვრება შეძლონ ან მოემსახურებიან რესტორნებს, სადაც სწორედ ეს მუშახელი დატოვებს ფულს. გარდა ამისა, ენერგეტიკული ბუმი ასევე შეუწყობს ხელს არაენერგეტიკულ სექტორებში ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი პროდუქტების განვითარებას.

გათვლები იმაზე, რომ ნაკლები ნავთობისა და გაზის პირობებში მწვანე ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიები განვითარდებოდა, არასწორი იმ კუთხითაც გამოდგა, რომ ასეთი ტექნოლოგიების სიძვირის გამო, ქვანახშირის მოხმარებამ იმატა. ამასთან, იმის შიშით, რომ ოდესმე ნავთობი შეიძლება გამოილიოს, კაცობრიობამ გამოიგონა ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელია ქვანახშირისგან თხევადი საწვავი მივიღოთ. ეს არც იაფია და არც სუფთა, მაგრამ მუშაობს.

ეს ბუნებრივიცაა: გაღარიბებულ საზოგადოებას, რომელიც მწვანე ენერგიის განვითარების გამო ეკონომიკაზე არსებული გამუდმებული, მაღალი წნეხის პირობებში ცხოვრობს, თუ დასჭირდება, აუცილებლად დაწვავს ქვანახშირს. და პირიქით, მდიდარი, ეკონომიკურად მზარდი ქვეყნის საზოგადოება გაცილებით მეტ ფულს დახარჯავს იმისთვის, რომ მზის და ქარის ენერგია განავითაროს და ამით, საწვავის უკეთესი ალტერნატივები დანერგოს.

ექსპერტები ერთ რამეში არ შემცდარან: გლობალური ჭადრაკის დაფა იცვლება – მასზე ზოგი საკუთარ პოზიციებს იმყარებს, ზოგის მდგომარეობა კი სუსტდება. ამასთან, ენერგეტიკული ბერკეტები, რუსეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების გარდა, დიდი ალბათობით, მსოფლიოს უფრო დემოკრატიულ, ნაკლებად კორუმპირებულ და ეკონომიკურად უფრო დივერსიფიცირებულ ქვეყნებსაც გაუჩნდებათ. შედეგად, ნაკლები შანსია, ნავთობის გლობალურ ბაზარზე კიდევ ერთი ნიგერია და რუსეთი მივიღოთ.

ამით ყველა მოიგებს.

 

კომენტარები