განათლების სისტემა

მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე მეტად განათლების რეფორმით ვამაყობთ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა და განათლების საკითხების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში გატარებულ რეფორმებს შორის ანტიკრიმინალური და ანტიკორუფციული რეფორმების გარდა, ყველაზე საამაყო განათლების რეფორმაა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, განათლების სისტემისადმი მთავრობის დამოკიდებულება სამ პრინციპს ეფუძნება – სოციალურ თანასწორობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირ განათლებას უნდა იღებდეს, სკოლებში შექმნილ უსაფრთხო გარემოს და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებას.

„ყველა პირველკლასელს, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა, მიეცა "ნეთბუქი" ყველა ოჯახში შევიდა დაახლოებით 200 დოლარის ღირებულების საჩუქარი, ყველა სოციალურად დაუცველს დავურიგეთ დაახლოებით მილიონ 100 ათასი ლარის ღირებულების უფასო წიგნები, ყველა ოჯახისთვის სახელმძღვანელოები გაიაფდა. ჩვენ მარტო ის კი არ გვინდა, რომ დიპლომს იღებდნენ, ჩვენ გვინდა, რომ ატესტატით, დიპლომით, სერტიფიკატით ისინი ცხოვრებაში პოულობდნენ გასაქანს საქართველოსა და მსოფლიოში, ამიტომ ჩვენ გავხსენით 20 ტექნოლოგიური კოლეჯი და ვაპირებთ, რომ ეს ქსელი გავაფართოოთ", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებსაც მიმართა და განცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა, უახლოეს პერიოდში სერტიფიცირებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600 ლარი იყოს.

პრეზიდენტის განმარტებით, პედაგოგთა შეფასების ერთ-ერთი კრიტეტიუმია ისიც, თუ როგორ აბარებენ გამოცდებს მის მიერ მომზადებული მოსწავლეები. ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მომავალ წლებში სახელმწიფო გრანტის რაოდენობა გაფართოვდება.

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის სტუდენტების მიღებას მომავალი წლიდან შეძლებს. "ეს იქნება პირველი სასწავლებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც გასცემს ამერიკულ დიპლომს.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები