სახალხო დამცველი

ომბუდსმენი ფოთის ინციდენტს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი 13 სექტემბერს ფოთში, მშენებარე ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას სასულიერო პირებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები ტაძრის ეზოში აწარმოებდნენ ვიდეოგადაღებას და ხობისა და ფოთის მთავარეპისკოპოს გრიგოლისა და მისი თანმხლები სასულიერო პირებისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. ელისო ჯანაშიას განმარტებით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სასულიერო პირებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე დაუზიანეს აპარატურა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალით დასტურდება, რომ ჟურნალისტებს არ მიეცათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

„სამწუხაროა, რომ 2012 წლის განმავლობაში ჟურნალისტთა როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის, ისე მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გმობს ჟურნალისტთა საქმიანობის ხელშეშლის კონკრეტულ ფაქტს და მოუწოდებს საჯარო (მათ შორის სასულიერო) პირებსა და საზოგადოების რიგით წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევას გამოიწვევს“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

კომენტარები