კავკასია 2012

აუდრონიუს აჟუბალისი: კავკასია 2012-ის გამო დესტაბილიზაციის შემთხვევაში პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის აუდრონიუს აჟუბალისის განცხადებით, სამხედრო წვრთნების, "კავკასია 2012"-ის გამო დესტაბილიზაციის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიტვის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს ნამდვილად არ მატებს სტაბილურობას რეგიონს და ნებისმიერი შესაძლო დესტაბილიზაციის შემთხვევაში პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება", - განაცხადა აჟუბალისმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნები ”კავკასია 2012” საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს, არამედ სტაბილურობას და უსაფრთხოებას მთელ რეგიონში.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა შედეგი მოიტანა "კავკასია 2008"-მ, რომელიც გაცილებით პატარა მასშტაბის წვრთნები იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო მეტ მძაფრ შეკითხვებს უსვამს რუსეთს ამ წვრთნებთან დაკავშირებით", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს დაგეგმილი სამხედრო წვრთნების შესახებ საუბრისგან აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთს სრული გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები