მხატვრობა

ამერიკელმა ქალბატონმა რენუარის ნახატი 7 დოლარად იყიდა

აშშ-ის შტატ ვირჯინიაში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონის მიერ ნახევარი წლის წინ სახალხო ბაზრობაზე 7 დოლარად ნაყიდი ნახატი ფრანგი მხატვრის, პიერ ოგიუსტ რენუარის ნამუშევარი აღმოჩნდა.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული სურათი ამერიკელმა ქალბატონმა თოჯინასთან და პლასტმასის ქანდაკებასთან ერთად 50 დოლარად იყიდა. სურათის მფლობელის თქმით, მას ყველაზე მეტად ნახატის ჩარჩო მოეწონა, ხოლო შიგთავსის ამოღებას აპირებდა.

აუქციონის სახლ Potomack Company-ში, სადაც ნახატის მფლობელმა სურათი მიიტანა, მას აცნობეს, რომ აღნიშნული ხელოვნების ნაწარმოები, სავარაუდოდ, რენუარის მიერ 1879 წელს შექმნილი ნახატი ”სენას სანაპიროს პეიზაჟია.”

ფრანგი იმპრესიონისტის ნაწარმოები ამჟამად აუქციონზეა გატანილი და მის სავარაუდო ფასად 100 ათასი დოლარი სახელდება.

გავრცელებული ცნობით, რენუარის სურათი აშშ-ში პარიზის გალერეიდან ერთ-ერთმა კოლექციონერმა 1926 წელს ჩაიტანა.

 

კომენტარები