წლის მესამე გრანდტური ვუელტა ესპანელი ველომრბოლის ალბერტო კონტადორის ტრიუმფით დასრულდა. სპორტსმენმა, რომელიც ერთი თვის წინ დაუბრუნდა პორფესიულ სპორტს, სეზონის უკანასკნელი მთავარი ველოშეჯიბრება კარიერაში მეორედ მოიგო.
2009 წლის გამარჯვებული ალეხანდრო ვალვერდე კონტადორს წუთით და 16 წამით ჩამორჩა და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, მესამე ადგილი კი კიდევ ერთმა ესპანელმა ხოაკიმ როდრიგესმა დაიკავა. მან მთლიანი ტრასის დაფარვას წუთით და 38 წამით მეტი დრო მოანდომა, ვიდრე გამარჯვებულმა. სათქმელია, რომ როდრიგესი 21-ეტაპიან რბოლას საწყისი 13 ეტაპის შემდეგ ლიდერობდა.
„ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ გამარჯვებაში დამეხმარა! დისკვალიფიკაციის შემდეგ ძალიან გამიჭირდა ტრასაზე დაბრუნება, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ - მგონი, ჯერ კიდევ შემიძლია პირველობისთვის ბრძოლა,“ - განაცხადა ალბერტო კონტადორმა, რომელსაც დოპინგსკანდალის შემდეგ 2010 წელს ტურ დე ფრანსზე და 2011 წელს ჯირო დ’იტალიაზე მოგებული ტიტულები ჩამოართვეს.
29 წლის ესპანელის კარიერაში ეს მეხუთე ტრიუმფია 2007 და 2009 წლებში მოგებული ტურ დე ფრანსის და 2008 წელს ჯიროსა და ვუელტაზე შესრულებული „ოქროს დუბლის“ შემდეგ.




